რუსთაველებს და “ქართულ” გუნდებს ევროტურნირებზე არ გაუმართლათ

ქართველებისთვის არასახარბიელო გამოდგა ფიბა–ევროპის ორგანიზებულ ტურნირთა პირველი დღე. „ევროჩელენჯზე“ რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ უკრაინულ „სუმიხიმპრომთან“ შინ დიდი სხვაობით წააგო, ხოლო „ევროთასზე“ გიორგი ცინცაძისა და ვიქტორ სანიკიძის „ტარტუ როკი“ ავსტრიაში შერცხვა.
საქართველოს ჩემპიონმა “ენერჯი–ინვესტმა” ევროსეზონი წარუმატებლად დაიწყო. 14 ოქტომბერს, „ევროჩელენჯის“ თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის პირველ შეხვედრაში რუსთაველები თბილისის “სპორტის სასახლეში” 81:110 დამარცხდნენ და გასვლით შეხვედრას ფაქტობრივად აზრი დაუკარგეს. დავით უსტიაშვილის გუნდმა ყველა პერიოდი დათმო, მეტოქის უპირატესობა კი განსაკუთრებულად მატჩის მეორე ნახევარში გამოიკვეთა, როდესაც უკრაინლებმა საბოლოოდ გატეხეს მასპინძლები და 29 ქულით იმარჯვეს კიდეც.
 

ბოიან ვუკადინოვიჩი უკრაინელთა ფარს უტევს
 
მასპინძელთა კალათში ყველაზე მეტი – 22 ქულა უკრაინელთა ამერიკელმა უკანახაზელმა ბრაიან გრინმა ჩააგდო, რომელიც საუკეთესო იყო მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში. გრინმა 9 ორქულიანიდან 8 გამოიყენა, სამი ცდიდან სამივე საჯარიმო ჩააგდო და ორიდან ერთი სამქულიანიც მიითვალა, რასაც 6 მოხსნა, 6 პასი და 3-3 ჩაჭრა-დაფარება დაამატა. ასევე შედეგიანად ითამაშეს „სუმიხიმპრომელთა“ სხვა ლეგიონერებმა – ლიტველებმა მაჩერნისმა (17 ქულა) და ლაკევიჩიუსმა (16), ამერიკელმა სანტმა (12 ქულა) და ნიგერიელმა  კუსომ, რომელმაც ორმაგი დუბლი მოაგროვა (14 ქულა, 11 მოხსნა).
 

დავით უსტიაშვილი წუთშესვენებაზე რუსთაველებს მოძღვრავს
 
“ენერჯი–ინვესტიდან“ ყველაზე შედეგიანები ასევე ლეგიონერები იყვნენ. სერბმა ბოიან ვუკადინოვიჩმა 23 ქულას მოუყარა თავი, ამერიკელმა პოლ მაკფერსონმა კი 18 ქულა შეაწია თანაგუნდელებს, თუმცა მათმა გარჯამ „ინვესტი“ მარცხისაგან მაინც ვერ იხსნა. ქართველთა მხრიდან 10 ქულიან ზღვარს კოტე ტუღუში (12 ქულა) და დავით უგრეხელიძეც (15) გადასცდნენ. “ენერჯი ინვესტი“ განმეორებით შეხვედრას უკრაინაში 21 ოქტომბერს გამართავს.
რაც შეეხება ცინცაძე–სანიკიძის გუნდს, „ტარტუ როკი“ ბევრი ვერაფრით გამორჩეულ ავსტრიულ „სვანსთან“ 64:86 დამარცხდა. ქართველებმა კი ყოჩაღად ითამაშეს, მაგრამ საერთო საქმეს ამან არ უშველა. ცინცაძემ 33 წუთში 18 ქულას, 6 მოხსნას, 2 ჩაჭრას და 1 პასს მოუყარა თავი, სანიკიძე კი 25 წუთში 12 ქულას, 6 მოხსნას და თითო ჩაჭრა–პასს დასჯერდა.
ორივე ორთაბრძოლის საპასუხო მატჩები 21 ოქრომბერს გაიმართება. რუსთაველები განწირულნი არიან, რაკი უკრაინაში 29 ქულაზე მეტით გამარჯვება თითქმის წარმოუდგენელია, ხოლო სანიკიძე–ცინცაძის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები კიდევ შერჩენია.
 

გიორგი ცინცაძე (#3) გაოცებული უყურებს “სვანსის” თავდამსხმელს
 

ბურთით ლაშა გამყრელიძე
 

პოლ მაკფერსონი(ბურთით) რუსთაველებს დიდად ვერ შეეწია