რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!

რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მესამე ტურის რიგით მე-4 შეხვედრა გამორჩეულად დრამატული და სანახაობრივი გამოდგა, რომელშიც „რუსთავმა“ ტყიბულის „ორბი“ დაამარცხა. შეხვედრა დიღმის არენაზე გაიმართა, რადგან ნომინალურმა მასპინძელმა „ორბმა“ რიგი მიზეზების გამო ტყიბულში თამაში ვერ შეძლო. რუსთაველების შთამბეჭდავი გამარჯვება სრულად ჯეიდენ კინგის დამსახურებაა, რადგან ამერიკელმა ლეგიონერმა ამ მატჩში 34 ქულა ჩააგდო და ბოლო სამიანი ძირითადი დროის დასრულებამდე 1.9 წამით ადრე მიითვალა — ეს ბურთი რომ არ ჩავარდნილიყო, თამაში დამატებით დროში გადავიდოდა.
არადა, რუსთაველები მესამე პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 14 ქულით, 69:55 იგებდნენ და გამარჯვებაც სანახევროდ ჯიბეში ჰქონდათ, თუმცა „ორბმა“ უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. გუნდის თამაშს ტანმაღალი ჯიმი ბეილი აკონტროლებდა, რომელიც ბურთებს ხსნიდა და კალათში აგდებდა. „ორბმა“ მეოთხე პერიოდის დაწყებიდან მალევე მოახერხა ანგარიშის ჯერ გათანაბრება და შემდეგ დაწინაურება. უკანა ხაზიდან თამაშის სადავეები ალექს მეთიუზმა აიღო, რომელმაც სამქულიანებითა და სწრაფი გარღვევებით „ორბს“ ლიდერობა მოუპოვა. მატჩის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე კევონ ვესტის ზუსტი გარღვევის შედეგად ტყიბულელები ექვსი ქულით, 87:81 დაწინაურდნენ და თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა.


მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება კინგის ბრწყინვალე თამაშს უკავშირდება, რუსთაველები ბოლო წუთებამდე ბრძოლაში კრისტიან ჯონსის არანაკლები გარჯის შედეგად მივიდნენ. ჯონსმა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც რუსთავი ექვსი ქულით ჩამორჩებოდა, 2 სწრაფი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ივანე მეგენეიშვილის ფარქვეშიდან ჩაგდებულმა ბურთმა რუსთაველებს ლიდერობა დაუბრუნა (90:89) დასრულებამდე წუთნახევრით ადრე. ბოლო წამები უკიდურესად დრამატული გამოდგა: ელვინ მაილსის ორქულიანის შემდეგ რუსთავი სამი ქულით გავიდა წინ, თუმცა მაილსმა შეტევაში ბურთი დაკარგა და ახალგაზრდა დავით ტრაპაიძეს ორჯერ მიეცა საჯარიმოების სროლის უფლება, საიდანაც სამი ჩააგდო და ანგარიში გათანაბრა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 25 წამით ადრე რუსთავმა ბოლო შეტევა წამოიწყო და ბურთი ბოლომდე გაათამაშა, რათა მეტოქისთვის დრო არ დაეტოვებინა. ელვინ მაილსმა ბურთი ათამაშა და სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ჯეიდენ კინგს გადააწოდა, რომელმაც შორეული ტყორცნით რუსთავი 95:92 დააწინაურა. „ორბს“ შეტევისთვის არასრული ორი წამი დარჩა, თუმცა ჰენრი ვეტერის გამარჯვების ბურთი კალათს აცდა და რუსთავმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.
 
ინდივიდუალური შედეგებით „რუსთავის“ რიგებში ჯეიდენ კინგმა (34 ქულა, 8 მოხსნა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა (16 ქულა, 5 მოხსნა), კრისტიან ჯონსმა (15 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი) და ელვინ მაილსმა (15 ქულა, 8 პასი) გამოიჩინეს თავი, ხოლო „ორბის“ შემადგენლობაში ალექს მეთიუზმა (27 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი), კევონ ვესტმა (19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი) და ბექა ლომაშვილმა (13 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი) შედეგიანი მატჩი ჩაატარეს.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, სუპერლიგის სათავეში სამიდან სამი მოგებით თსუ-ა, მეორე-მესამე ადგილებს ივერიონი და რუსთავი ინაწილებენ. მიმდინარე ტური ორშაბათს კსუ-კავკასიისა და ახალციხის მატჩით დასრულდება, რომელიც 18:00 საათზე თბილისი არენაზე გაიმართება.