რუსთავმა მეორე გამარჯვება ვერასთან მოიპოვა

რუსთავმა მეორე გამარჯვება ვერასთან მოიპოვა

ქვემო ქართლის გუნდი “რუსთავი 1991” სუპერლიგაში დაუმარცხებელია. ანატოლი ბოისასა და მიხეილ ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში “ტიტები” 82:81 დაამარცხა, დღეს კი “ვერას” შედარებით დამაჯერებლად – 82:71 (სტატისტიკა) მოუგო და ცხრილის სათავეში მოექცა. ქვემოქართლელები პირველ პერიოდში მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩნენ. რუსთაველთა თავკაცმა მსაჯებთან ერთ-ერთი ეპიზოდის გაპროტესტების გამო 2 ტექნიკური ჯარიმა მიიღო და დისკვალიფიკაცია დაიმსახურა. მატჩის სადავეები მისმა ასისტენტმა, გამოცდილმა მწვრთნელმა, მიხეილ ბერუაშვილმა გადაიბარა.

ამ ეპიზოდში ვერელები 8:2 იგებდნენ, რომლებმაც წარმატებული თამაში პირველ პერიოდში გააგრძელეს და პირველ 2-წუთიან შესვენებას 7-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 27:20. მეორე ათწუთეულიდან ქვემოქართლელებმა ტემპს უმატეს. დაცვაშიც მარწუხებს მოუჭირეს და ვერას ბურთის ჩაგდება სულ უფრო უჭირდა. შედეგად, ვერელებმა ლიდერობა დაკარგეს. რუსთავმა მეორე მეოთხედი 26:15 მოიგო და დიდ შესვენებას ლიდერის ამპლუაში შეხვდა.

მეორე ნახევარში რუსთაველებმა გააგრძელეს წარმატებული თამაში. მართალია, საჯარიმოებს ბლომად აცილებდნენ, მაგრამ თამაშიდან მეტოქეზე ხშირად აგდებდნენ და ლიდერობასაც განუხრელად ზრდიდნენ. მესამე პერიოდში ქვემოქართლელებმა მეტოქე კიდევ უფრო ჩამოიტოვეს და დასკვნით ათწუთეულს 10-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.

მე-4 პერიოდში ვერელებმა ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს. თამაშის სადავეები რუსთაველებს მყარად ეჭირათ და გამარჯვებამდეც დამაჯერებლად მივიდნენ. საუკეთესო შედეგი ჰქონდა გუგა პატაშურს, რომელმაც 16 ქულას 9 მოხსნაც მოაყოლა. 16 ქულა მიითვალა ანზორ ნადირაძემაც, ხოლო ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 14 ქულა და 7 პასი დაგროვდა. ვერელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ჯამირ კოულმენი. 16 ქულა და 9 მოხსნა ვახტანგ გოგბერაშვილის ანგარიშზეა.