“საკრამენტოსთან” 2 ოვერტაიმში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 17 მოხსნა, 9 ქულა და 5 ჩაჭრა მიითვალა

“საკრამენტოსთან” 2 ოვერტაიმში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 17 მოხსნა, 9 ქულა და 5 ჩაჭრა მიითვალა

საოცარი მატჩი მოიგო ზაზა ფაჩულიას „დალასმა“, რომელმაც 2-ოვერტაიმიან თრილერში „საკრამენტო კინგზი“ 117:116 დაამარცხა. გამარჯვების სამქულიანი საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო დერონ უილიამსმა, რომელმაც დალასელთა სასწაულებრივი გაქცევა ჯადოსნური სროლის დააგვირგვინა.
ძირითადი დროის დასრულებამდე 48 წამით ადრე დალასელები 94:90 იგებდნენ, თუმცა იტალიელმა მარკო ბელინელიმ 2 სამქულიანი ჩააგდო და სირენამდე 13 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა – 96:96. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე დერონ უილიამსმა მოახერხა გარღვევის შედეგიანად დაგვირგვინება და მასპინძლები 2 ქულით დააწინაურა, თუმცა საფინალო სირენის თანხლებით დემარკუს ქაზენსმა გამთანაბრებელი ჩააგდო.
სწორედ ქაზენსი უნდა გამხდარიყო მატჩის გმირი, რომელმაც ფრედ (6:6) დასრულებული პირველი ოვერტაიმის შემდეგ აიწყვიტა და მეორე დამატებით 5-წუთეულში ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო, რასაც რუდი გეიმ სამქულიანიც მოაყოლა და დასრულებამდე 1,20 წუთით ადრე „საკრამენტო“ 116:109 დაწინაურდა. 80 წამში 7 ქულის გაბათილება და გამარჯვების მოპოვება სენსაციის ტოლფასი იყო, რაც დალასელებმა მოახერხეს და 2 აქამდელი წაგების შემდეგ ტკბილი გამარჯვება მოიპოვეს.
სასწაულებრივ 80 წამში მატჩის ბომბარდირმა ქაზენსმა 2 სროლა ააცილა, ხოლო დერონ უილიამსმა ორქულიანი, დირკ ნოვიცკიმ კი სამიანი ჩააგდო და სირენამდე 26 წამით ადრე დალასელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შემცირდა. მასპინძლებმა უმჭიდროვესი დაცვის წყალობით საკრამენტოელებს შეტევის უფლება არ მისცეს და ამისთვის გამოყოფილი 24 წამის გასვლის შემდეგ, ოვერტაიმის დასრულებამდე 1,3 წამით წამით ადრე  ბურთი „მავერიკსს“ გადაეცა. დალასელებმა 20-წამიან წუთშესვენებაზე მოითათბირეს, მოედანზე გასულებმა კი სპექტაკლი გაითამაშეს. პირით ხაზიდან დევინ ჰარისმა პასი უილიამსს მიაწიდა, რომელმაც როგორც თავში ვთქვით, სირენის თანხლებით გამარჯვების სამქულიანი მოედნის კუთხიდან ჩააგდო.
ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, მატჩში უმეტესი (ქაზენსთან ზიარი) 17 მოხსნა და კარიერაში საკუთარი რეკორდის ტოლფასი 5 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის გმირმა დერონ უილიამსმა შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. 23 ქულა ჰქონდა დირკ ნოვიცკის, ხოლო ვესლი მეთიუზის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. „საკრამენტოში“ 35 ქულა, 17 მოხსნა და 6 ჩაჭრა გაუხუნდა დემარკუს ქაზენსს, ხოლო 31 ქულა – რუდი გეის.
20 მოგებითა და 15 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრა „საკრამენტოსთან“ ჯადოსნურად მოგებული მატჩიდან უკვე 24 საათში ნიუ ორლეანში – „პელიკანსთან“ ელის.