სამი მატჩის გამოტოვების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია. ევროლიგის მე-8 ტურის საშინაო შეხვედრაში 35 წლის ქართველი ფორვარდის „დუბაი“ „პარიზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 93:99 დათმო პაექრობა.
შენგელია თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. პარკეტზე გატარებულ 10 წუთსა და 16 წამში თოკომ ასპროცენტიანი სიზუსტე აჩვენა — მან სამივე ორქულიანი და ორივე საჯარიმო ტყორცნა უშეცდომოდ შეასრულა, საკუთარ გუნდს 8 ქულა მოუტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა პასივში 4 პერსონალური შენიშვნა ჩაწერა.
მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესოები NBA-ს ყოფილი კალათბურთელები გახლდნენ: დუენი ბეიკონმა 24 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მფიონდუ კაბენგელემ ორმაგი დუბლი 22 ქულითა და 13 მოხსნით შეასრულა.
ამ მარცხის შემდეგ „დუბაის“ ევროლიგაში 5 მოგება და 3 წაგება აქვს, რის შედეგადაც სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში, 30 ოქტომბერს, შენგელიას გუნდი საკუთარ არენაზე თელ-ავივის „ჰაპოელს“ უმასპინძლებს.