სამოყვარულო ლიგის ოლ სტარის მატჩი-აქცია

სამოყვარულო ლიგის ოლ სტარის მატჩი-აქცია

სამოყვარულო ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი არასაკალათბურთო ადგილას, თუმცა ძალიან საკალათბურთო გარემოში ჩატარდა. ღონისძიებას სტუმრობდა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ნბა-ს ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩული მოთამაშე ზაზა ფაჩულია, რომელიც სამოყვარულო ლიგის საპატიო პრეზიდენტია. სამოყვარულო ლიგის ოლ სტარს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მოქმედი და ყოფილი მინისტრები – ტარიელ ხეჩიკაშვილი და ლევან ყიფიანი.
მატჩი-აქცია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, დახურულ მანეჟში გაიმართა, სადაც თავი ახლო წარსულის გამორჩეულმა კალათბურთელებმა მოიყარეს. ერთი გუნდი პაატა გურასპაულს ებარა, მეორე – ნუგზარ ჭეიშვილს. საბოლოოდ გურასპაულის ბიჭებმა 87:84 იძალეს, თუმცა ამ მატჩის გამარჯვებული პირობითი მცნებაა. გაიმარჯვა კალათბურთმა და მეგობრობამ.
სამქულიანების კონკურსში ბევრი მონაწილე იყო, თუმცა გამარჯვება ირაკლი მაისურაძეს დარჩა, რომელმაც ფინალურ ჯახში 22 ქულა მიითვალა და საგანგებო პრიზის მფლობელიც გახდა.
კირილე ტატუნაშვილმა ჩატენვების კონკურსში აჯობა კონკურენტებს – ვასილ ბერუაშვილსა და ბაქარ გაბისიანს. აღნიშნული კონკურსის ჟიურიში პაატა გურასპაულთან და ზაზა ფაჩულიასთან ერთად საკალათბურთო სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზაბახიძეც შედიოდა, რომელმაც გამარჯვებული კირილე ტატუნაშვილი დააჯილდოვა.
ოლ სტარის მატჩის MVP გახდა ვახტანგ მინაშვილი, რომელმაც ორგანიზატორების მიერ დაწესებულ პრიზთან ერთად ზაზა ფაჩულიასგან მისი საკლუბო მაისური მიიღო.
სამოყვარულო ლიგის ხელმძღვანელთა მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, შ.პ.ს „თბილსერვის ჯგუფს“, ოქროს სპონსორს – „ევროპაბეთს“, კომპანიებს –  „ყაზბეგი“,  „თელიანი ველი“. მედიამხარდამჭერები იყვნენ – „რუსთავი 2“, რადიო „ჯაკო“ და www.marketer.ge. ამ ორგანიზაციებისა და კომპანიების მხარდაჭერით მოხერხდა ოლ სტარის მატჩი-აქციის ჩატარება.
სამოყვარულო ლიგის ხელმძღვანელებმა მადლობის სიგელით დააჯილდოვეს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელიც 2 წლის წინ ლიგის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სპორტის მოქმედმა და ყოფილმა მინისტრებმა დაჯილდოვების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
სამოყვარულო ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მატჩები მომავალ კვირიდან გაგრძელდება.