სეზონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ, დუდა სანაძის “ალ ხორმა” ყატარის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. გუნდს გამარჯვებისკენ ქართველმა მსროლელმა ულიდერა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ალხორელებმა ყატარის ჩემპიონატი 3 მარცხით დაიწყეს. მე-4 ტურში სანაძის გუნდის მეტოქე “ალ რაიანი” გახლდათ, რომელიც ასევე ერთ-ერთი აუტსაიდერი გახლდათ. შეხვედრა “ალ ხორის” გამარჯვებით – 81:76 დასრულდა, დუდა სანაძემ კი 5 პერსონალურის გამო მოედანი 34:31 წუთში დატოვა. ამ დროში ქართველმა ფორვარდმა მოახერხა საუკეთესო შედეგის დაფიქსირება: 25 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა.
ქართველმა კალათბურთელმა 16-დან 8 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ალ ხორმა 1 მოგებითა და 3 მარცხით 9-გუნდიან ყატარის ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 20 დეკემბერს ლიდერ ალ არაბისთან ჩაატარებს.