დუდა სანაძის „სან დიეგო ტორეროსმა“ მძლავრი მეტოქე დაამარცხა. კალიფორნიულმა გუნდმა BYU-ს უნივერსიტეტს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 77:74 სძლია.
სანდიეგოელთა მეტოქე ამ მატჩამდე ცხრილში მე-3 ადგილზე იყო და სანაძის გუნდთან წაგების შემდეგ მას „პეპერდაინი“ და „სანტა კლარა“ წამოეწივნენ. გამარჯვებაში სანაძემ საკუთარი წილი დაიდო, რაც 4 ქულაში, 3 მოხსნაში და 1 ჩაჭრაში გამოიხატა. სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ტომას იაკობსმა დააფიქსირა – 19 ქულა, 13 მოხსნა. 18 ქულით დაასრულა სანდიეგოელთა ბომბარდირმა ჯონი დიმ.
3 მოგებითა და 6 მარცხით „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციაში „სან დიეგო „პორტლენდთან“ და „სან ფრანცისკოსთან“ ერთად 6-8 ადგილებს იყოფს. სანაძის გუნდი მორიგ მატჩს 29 იანვარს, „სანტა კლარასთან“ გამართავს.