დუდა სანაძის “სან დიეგომ” სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობა დაასრულა. კალიფორნიული გუნდი “ვესტ ქოუსთის” კონფერენციის მეოთხედფინალურ მატჩში “სან ფრანცისკოსთან” 60:69 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
მატჩი ლას ვეგასში გაიმართა, სადაც დასავლეთ სანაპიროს კონფერენციის საუკეთესო გუნდები პლეი ოფის სათამაშოდ ჩავიდნენ. რეგულარულ ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გასული “სან დიეგო” მეოთხედფინალში მე-3-ადგილოსან “სან ფრანცისკოს” შეხვდა, რომელთანაც რეგულარულის ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა.
სანდიეგოელებს ბოლომდე ვერ დაეხმარა სანაძე, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და პლეი ოფისთვის მოსამზადებელი ვარჯიშების უმეტესობა გაუცდა. ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 17 წუთი ითამაშა და 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. დუდამ 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა.
სანდიეგოელთაგან 19 ქულით ბომბარდირი დენის კრამერი გახდა, საუკეთესო შედეგი კი კრისტოფერ ანდერსონმა დააფიქსირა – 12 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი. 13 ქულა დაუგროვდა სანდიეგოელთა სეზონის ბომბარდირ ჯონი დის, რომელმაც 12 ცდიდან 3 სამქულიანი ჩააგდო.
სტუდენტური ლიგის სეზონი “სან დიეგოსთვის” დასრულდა, თუმცა როგორც გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, შესაძლოა, გუნდმა რომელიმე ტურნირში მიიღოს მონაწილეობა. მოუწევს თუ არა სანაძის გუნდს ამ სეზონში თამაშები, უახლოეს მომავალში გაირკვევა.