იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ მასპინძელმა „რომამ“ ბოლო მეოხედში იძალა, 67:62 მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. სიენელთათვის 2 გასვლითი მატჩიდან 1-ის მოგებაც კარგი შედეგია. სანიკიძის გუნდმა სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
სიენელებმა პირველი მეოთხედი 2 ქულით დათმეს, თუმცა მეორეში 17:6 იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 33:24 იგებდნენ. მესამე პერიოდში მასპინძლებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს და როგორც თავში ვთქვით, ბოლო ათწუთეულში „რომამ“ იძალა. გადამწყვეტი მეოთხედი მასპინძლებმა 10 ქულით მოიგეს და საბოლოოდ 67:62 იმარჯვეს.
სერიის პირველი მატჩის მსგავსად სანიკიძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო, თუმც მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 3 ქულასთან ერთად ვიქტორმა 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სიენელთაგან საუკეთესო შედეგი ავსტრიელმა ბენჯამინ ორტნერმა დააფიქსირა – 19 ქულა, 8 მოხსნა.
ფინაური სერიის მომდევნო 2 მატჩი სიენაში – 15 და 17 ივნისს გაიმართება.