სანიკიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს

სანიკიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს

ევროპული მედიის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე კარიერას თურქული სუპერლიგის გუნდ თედ კოლეჯლერში გააგრძელებს. კონტრაქტის გაფორმების და პირობების შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა პორტალ eurobasket.com-სა და sportando.com-თან ერთად აღნიშნულ ტრანსფერს ადასტურებს თავად თურქული კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდი.
სანიკიძემ გასული სეზონი სრულად ვერ ითამაშა. მან კონტრაქტი ყაზანის უნიკსთან გააფორმა და ევროლიგასთან ერთად ვითიბი ლიგაში თამაშობდა. ევროლიგის პლეი ოფში ვერგასვლის შემდეგ უნიკსმა ულებ-ის თასზე გადაინაცვლა, სადაც სანიკიძემ რამდენიმე მატჩი ჩაატარა და მხრის ტრავმა გაუმიზეზდა. ქართველმა ფორვარდმა ოპერაცია გაიკეთა და რაკი მისი რეაბილიტაცია სეზონის ბოლომდე ვერ მოესწრებოდა, რუსული კლუბი და ფორვარდი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

უნიკსთან დაშორების შემდეგ სანიკიძემ რეაბილიტაციის საფუძვლიანი კურსი გაიარა სერბეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული ნაკრების  შეკრებამდე ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, შემდეგ კი ნაკრებს შეუერთდა და ფიზმომზადების მწვრთნელ ალექსანდრ ჩვოროვიჩის მეთვალყურეობით ფორმა აღიდგინა.
სანიკიძე ახლა სლოვენიაში, ევრონული ნაკრების შეკრებაზეა და როგორც ჩანს, მისი მომავალი კლუბი თედ კოლეჯლერი იქნება. ანკარის საუნივერსიტეტო გუნდმა გასული სეზონი უხეიროდ ჩაატარა და 16-გუნდიან თურქულ სუპერლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა, რითაც ბეწვზე გადაურჩა ქვედა ლიგაში დაქვეითებას. კლუბის ხელმძღვანელებმა გუნდის გაძლიერება განიზრახეს და სანიკიძის შემატებით მათ ამ მიზნისკენ მოზრდილი ნაბიჯი გადადგეს.