სანიკიძემ “როკს” ცინცაძესთან ერთად ულიდერა

ვიქტორ სანიკიძისა და გიორგი ცინცაძის “ტარტუ როკმა” სწორედაც რომ ამ ორი ქართველი კალათბურთელის დახმარებით მოიგო მორიგი მატჩი. საერთაშორისო სარბიელზე გართული “როკერები” ამჯერად ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდნენ და ესტონური სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში სტუმრად “კურემაა” 87:72 მოუგეს. ამ შეხვედრაში ქართველმა მოთამაშეებმა ჯამში 32 ქულა მიაშველეს თავისიანებს.
ტარტუელთა რიგებში საუკეთესო შედეგი სანიკიძეს ჰქონდა, რომელმაც 23 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა და ორაგ დუბლამდე სულ მცირედი დააკლდა.
ვიქტორმა შესაშური მიზანი გამოიჩინა და შვიდივე ორქულიანი ჩააგდო, რასაც 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო წაუმატა.
ჩვეულად აქტიური გახლდათ ცინცაძეც, რომელმაც 25 წუთში 14 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
“როკს” ესტონეთის ჩემპიონატში სამიდან სამი გამარჯვება აქვს და ტალინის “კალევთან” ერთად ლიგის ლიდერია.
 

გიორგი ცინცაძე