იტალიაში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრებმა – კანტუელმა მანუჩარ მარკოიშვილმა და ბოლონიური „კანადიან სოლარის“ წევრმა ვიქტორ სანიკიძემ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ოთხთა ტურნირები მოიგეს.
სანიკიძის “კანადიან სოლარმა” ამ უქმეებზე მონაწილეობა მიიღო ქალაქ ჩერვიაში გამართულ მინი-ტურნირში და ორი გამარჯვების შემდეგ პირველობაც იზეიმა.
ნახევარფინალში ბოლონიელები “მონტეგრანაროს” დაუპირისპირდნენ და იოლად – 69:54 სძლიეს. ამ შეხვედრაში სანიკიძემ 10 ქულა მოაგროვა და თანაგუნდელთა რიგებში მხოლოდ უინსტონს (13 ქულა) ჩამორჩა. ფინალში კი “კანადიან სოლარმა” “ანჯელიკო ბიელა” 83:76 დაამარცხა, ”ვიკას” მონაგარი 3 ქულა გახლდათ.
რაც შეეხება „კანტუს“, მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა კაორლეს ოთხთა ტურნირზე იმარჯვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში კანტუელებმა ტრევიზოს “ბენეტონი” 81:78 დაამარცხეს, ქართველმა კალათბურთელმა 9 ქულა მოაგროვა.
ფინალში მანუჩარის გუნდი რომის „ლოტომაიკას“ შეხვდა და 78:61 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა კანტუელებს 8 ქულა შესძინა.