ყაზანის „უნიკსის“ შემადგენლობაში ვითიბი ლიგაზე ვიქტორ სანიკიძის ოფიციალური დებიუტი შედგა. რუსეთის სამუშაო ვიზის არქონის გამო ქართველმა ფორვარდმა ვითიბი ლიგის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, რომელშიც ყაზანელებმა სარატოვის „ავტორდორი“ 81:78 დაამარცხეს. დღეს კი მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „უნიკსმა“ ფინურ „ბიზონსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 85:80 სძლია.
აღნიშნულ შეხვედრაში სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 20:21 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო და 1 სამქულიანი ჩააგდო. ვიქტორმა 6 ქულას 5 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. სანიკიძემ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა, მასზე კი მეტოქეები 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
უნიკსელთა შორის საუკეთესო შედეგი კიტ ლენგფორდმა დააფიქსირა, რომელმაც 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა და 8 მოხსნა დაუგროვდა დორ ფიშერს, ხოლო ბერძენმა ლეგიონერმა კოსტანტინოს კაიმატოღლუმ 16 ქულა მოაგროვა.
2-დან 2 გამარჯვებით „უნიკსი“ ვითიბი ლიგის ლიდერთა შორისაა. მომდევნო მატჩს ყაზანელები ისევ შინ გამართავენ. სანიკიძის გუნდი 19 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.
ვიქტორ სანიკიძე და “უნიკსის” მვრთნელი
არგირის პედულაკისი