სერია A
ისევ იმარჯვეს „ქართულმა“ გუნდებმა“, თუმცა ეს მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ ქართველის დაუხმარებლად გააკეთა. მატჩში, რომელიც კანტუელებმა რომის „ლოტომატიკა 79:61 დაჯაბნეს, „მანოს“ არ უთამაშია. მარკოიშვილის გუნდს 28 ქულა აქვს და „არმანი ჯინსთან“ ერთად 5–6 ადგილებს იყოფს.
რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძის გუნდს, ბოლონიურმა „კანადიან სოლარმა“ სერია A–ს მორიგ ტურში სტუმრად მძლავრი „პეპსი კასერტა“ 74:67 დაამარცხა და ამ გუნდს ცხრილში შეუამხანაგდა. ბოლონიელებს და კასერტელებს ახლა 30–30 ქულა აქვთ და 3–4 ადგილებს ინაწილებენ.
სანიკიძე ამ მატჩში მოკრძალებულად გაისარჯა. ქართველი ფორვარდი 13 წუთით ათამაშეს და ის 2 ქულას დასჯერდა: ერთადერთი ორქულიანი ზუსტად ესროლა. სანიკიძემ 1 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა.
გერმანული ბუნდესლიგა
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გიორგი გამყრელიძის „მიტელდოიჩერი“ პლეი ოფის ზღურლბზეა. ამ გუნდმა ბუნდესლიგის მორიგ ტურში „ლუდვიგსბურგი“ 82:59 გაანადგურა.
გამყრელიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. მან 4–დან 2 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 3–დან სამივე საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულის გარდა გიორგიმ 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 მოხსნა მოაგროვა.
„მიტელდოიჩერი“ მე–10 ადგილზეა და ქულით ჩამორჩება მერვეზე მყოფ და პლეი ოფში გამსვლელ „ბრაუნშვაიგს“.