სანიკიძის მოგებ-წაგება და შედეგიანობა სპარინგ-მატჩებში

სანიკიძის მოგებ-წაგება და შედეგიანობა სპარინგ-მატჩებში

სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელ მატჩებს მართავს ვიქტორ სანიკიძის გუნდი. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თურქულ თედ კოლეჯთან გააფორმა კონტრაქტი და მომდევნი სეზონში ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.
უმაღლესი ლიგის საშუალო გაქანების თედ კოლეჟი ახალი სეზონისთვის გამალებით ემზადება. ანკარულმა გუნდმა ამხანაგური მატჩები გამართა: ჯერ თურქულსავე პინარ ქარშიაქას ეთამაშა, შემდეგ კი ბერძნულ პაოკ-ს დაუპირისპირდა.
ქართველმა ფორვარდმა ჩინებულად ითამაშა ქარშიაქას წინააღმდეგ. ანკარელებმა შეხვედრა 65:73 წააგეს, სანიკიძემ კი თავი 13 ქულას, 8 მოხსნას და 3 პასს მოუყარა. კოლეჯელთაგან სანიკიძეზე მეტი – 19 ქულა, კალინ ლუკასმა მიითვალა.
რაც შეეხება პაოკ-თან მატჩს, თედ კოლეჯმა 74:66  მოიგო, ხოლო სანიკიძემ 6 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თურქულ კლუბში 21 ქულით ბომბარდირი ეროლ ჩანი გახდა. მორიგ საკონტროლო მატჩს კოლეჯელები დღეს, 3 ოქტომბერს, თურქულ ტრაბზონსფორთან გამართავენ.
სანიკიძე (#16) დაცვაში