ევროპის სხვადასხვა შიდაჩემპიონატშებში მოათამაშე ქართველებისთვის გასული უქმეები შედარებით უიღბლო გამოდგა, თუმცა იყო გამონაკლისიც, რომელიც ორმაგად სასიამოვნოა, რადგან ის ეხება აქამდე შედარებით ინერტულად მოთამაშე ვიოქტორ სანიკიძეს, ვინაც ესტონეთის ჩემპიონატში ორმაგი დუბლი შეასრულა.ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ “პარნუსთან” მატჩში ტარტუელებს არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ. სანიკიძისა და გიორგი ცინცაძის “როკმა” უპირატესობა პირველივე წუთებიდან ხელთ იგდო, ანგარიშში სხვაობას მეთოდურად ზრდიდა და საბოლოოდ დამაჯერებლადაც იმარჯვა – 106:69.
ვიქტორ სანიკიძე
სანიკიძემ მოედანზე 24 წუთი დაჰყო და 17 ქულას 11 მოხსნა და 1 პასი წაამატა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.ვიქტორმა 7-დან 5 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი გააცუდა.ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა “როკის” ქართველ გამთამაშებელ გიორგი ცინცაძეს, რომელმაც ასევე სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა.29 წუთში გიორგის მონაგარი 9 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა გახლდათ.ცინცაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო სამქულიანი ააცილა. “როკი” შვიდიდნ შვიდი მოგებით ესტონეთის პირველობის ერთპიროვნული ლიდერია.ტარტუელები მომდევნო მატჩს 20 იანვარს უმთავრეს კონკურენტ ტალინის “კალევის” წინააღმდეგ გამართავენ.გადავინაცვლოთ უკრაინაში, სადაც ჩემპიონატის ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევი” ცხრილის შუა ნაწილში მყოფ “სუმიხიმპრომს” სტუმრობდა და მეტოქის დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. დედაქალაქელებმა მასპინძელთა წინააღმდეგობის დაძლევა მხოლოდ ბოლო პერიოდში მოახერხეს, რომელშიც მარკოიშვილის გუნდმა 16:10 იმარჯვა. საბოლოოდ, “ბკ კიევმა” შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 61:60 მოიგო.რაც შეეხება მარკოიშვილს, ქართველმა უკანახაზელმა მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, ისიც საჯარიმოებით, თამაშიდან კი ექვსივე ტყორცნა (4 2-ქულიანი, 2 3-ქულიანი) გააცუდა. მანუჩარის სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა.
გიორგი ცინცაძე
15 ტურის შემდეგ “ბკ კიევმა” გამარჯვებათა რიცხვი ცამეტამდე გაეზარდა და ის ერთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “აზოვმაშს”.ესპანური პრიმერადივიზიონის მე-17 ტური ტაირონ ელისს “კახაოლისა” და “რიკო მანრესას” მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძლებმა 64:71 დათმეს. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა სევილიელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა.ელისმა “კახასოლის” სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა 19 წუთში 4-ვე სამქულიანი ააცილა და მატჩი 0 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა. “კახასოლს” 15 მარცხის წილ ორადორი მოგება გააჩნია და ესპანეთის პირველობის უიმედო აუტსაიდერად რჩება.ვერც ესპანეთში მოთამაშე სხვა ჩვენიანებმა იყოჩაღეს– ვლადიმერ ბოისამ და ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ჯამში მხოლოდ ორი ქულის მოგროვება მოახერხეს.ცქიტიშვილის “ფუენლაბრადა” ერთ-ერთ აუტსაიდერ “მურსიას” ესტუმრა და 78:70 იმარჯვა, ჩვენებური კი მადრიდელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17 წუთში 2 ქულა და 1 პასი მიითვალა. ნიკოლოზმა 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი მიზანს მიღმა სტყორცნა.8 მოგებითა და 9 მარცხით ქართველი ფორვარდის კლუბი მე-9 პოზიციაზე იმყოფება.ჩემპიონატის ლიდერ “ტაუ კერამიკასთან” გასვლითი მატჩი 66:78 დათმო ვლადიმერ ბოისას “ვივემენორკამ”. ქართველმა კალათბურთელმა სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა და 17 წუთში 4 ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა. ვოვას ანგარიშზე მხოლოდ 2 მოხსნა გახლდათ.მენორკელთა საუკეთესო მოთამაშე პუჰ ჯეტერმა 20 ქულა მოაგროვა, “ტაუს” კი სერბმა იგორ რაკოჩევიჩმა ულიდერა – 21 ქულა, 6 მოხსნა. “ვივემენორკა” 5 გამარჯვებითა და 12 წაგებით მე-13 პოზიციაზეა.