იტალიის სერია A
ვიქტორ სანიკიძეს მხოლოდ 17 წუთი ეყო საიმისოდ, რომ ორმაგი დუბლი მოეგროვებინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კანადიან სოლარის“ ფორვარდმა სწორედ 17 წუთი ითამაშა იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად „ტერამოს“ წინააღმდეგ და თავის გუნდს 62:55 გაამარჯვებინა.
სანიკიძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არცთუ ბევრი დრო გაატარა. მიუხედავად ამისა, ქართველი ლეგიონერი ძალიან სარგებლიანი იყო – ვიქრომა 11 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, რასაც თითო ჩაჭრა და დაფარება მოაყოლა და სარგებლიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი გაიფორმა. სანიკიძემ 5–დან 3 ორქულიანი და 7–დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
საკინიძე ყველაზე მაღლა ხტებოდა
ამ გამარჯვებამ „კანადიან სოლარი“ ცხრილში მე–5 ადგილზე აღაზევა და 2 საფეხურით მიაახლოვა ტრავმირებული მანუიჩარ მარკოიშვილის „კანტუსთან“, რომელიც ამ ტურში 65:82 დამარცხდა “ვარეზესთან. „მანუს“ ფეხი აწუხებს და ჯერ არაა ცნობილი, როდის შესძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას. სავარაუდოდ არც ქართული დერბი შედგება: მომავალ ტურში, 23 იანვარს, ერთმანეთს სწორედ „კანტუ“ და „კანადიან სოლარი“ ხვდებიან.
სერია B
იტალიის რანგით მეორე ლიგაში ნიკა მეტრეველის „ რიმინიმ” “ტუსკანი პისტოიას” 73:64 სძლია და 20 ქულით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. ქართველმა კალათბურთელმა 5 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 1 მოხსნა შესძინა. მეტრეველმა ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 ჯარიმა მიიღო.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
გაიმარჯვეს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრების გუნდებმა. ტორინ გრინის “გრან კანარია” “უნიკახას” ესტუმრა და საკმაოდ იოლად – 67:50 იმარჯვა. გრინმა სტუმართა ძირითად ხუთეულში ითამაშა და 17:35 წუთში 8 ქულა და 2 პასი მიითვალა. ტორინმა ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ლას პალმასელებმა კი 9 მოგებით მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს.
„ზუვენტუდს“ ერთი გამარჯვებით უსწრებს ქუინტონ ჰოსლის “ხუვენტუტი”, რომელმაც შინაურ კედლებში “სარაგოსას” 84:80 სძლია. ჰოსლიმ 30:39 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი, და 2-დან საჯარიმო ჩააგდო.