თურქეთის ჩემპიონატის მორიგი, მე-6 ტური ვიქტორ სანიკიძის გუნდის თამაშით გაიხსნა. ანკარული „თედ კოლეჯი“ თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „გალათასარაის“ ესტუმრა და 10 ქულის სხვაობით – 65:75 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი სათამაშო დრო ერგო. 37 წუთის განმავლობაში, სანიკიძემ 8 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4-ვე სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. სტუმართაგან 21 ქულით ლუკას კალინი გამოირჩა და “გალათასარაისაც” ამერიკელმა კალებ გრინმა (20 ქულა) ულიდერა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა მასპინძლებმა ბოლო ათწუთეულში 10 ქულით იძალეს და გაიმარჯვეს კიდეც.
1 მოგებით და 5 მარცხით სანიკიძის გუნდი ცხრილის ბოლოში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს, შინ, “ბანვითის” წინააღმდეგ ჩაატარებს.