იტალიური „სიენა“ღრმა კრიზისშია. ვიქტორ სანიკიძის გუნდი აგებს ყველგან, სადაც მონაწილეობს. ევროლიგიდან გამოვარდნის შემდეგ სიენელებმა იტალიის ჩემპიონატში საშუალოზე სუსტ „ვანოლისთან“ გასვლით მატჩში წააგეს – 71:81.
სიენელთა შედეგების პარალელურად შეუხხედავია სანიკიძის სტატისტიკა. ქართველმა ფორვარდმა ორმაგი დუბლების გემო კარგა ხანია, დაივიწყა. დღეს წაგებულ მატჩში სანიკიძემ 14 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ვიქტორს ბევრიც არ შეუტევია, 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
ბობი ბრაუნის მოწადინება საკმარისი არაა სიენელთა წარმატებისთვის. დღევანდელ მატჩში ამერიკელმა გამთამაშებელმა 28 ქულა მოიპოვა, მაგრამ ამაოდ. ბრაუნთან ერთად 10-ქულიანი ზღვარი დევიდ მოსმა დაძლია, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა.
15 მოგებითა და 11 წაგებით „სიენა“ მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა. მომდევნო ტურში, 14 აპრილს, სანიკიძის გუნდი ჯეიკობ პულენის „ოკნოპლასტს“ უმასპინძლებს, რომელიც დღევანდელ ტურში შინ „ვენეციასთან“ განადგურდა – 66:85.
ქართული პასპორტის მქონე პულენმა სასტარტო ხუთეულში – 27 წუთი ითამაშა. ამერიკელმა უკანახაზელმა 5-დან 2 ოქრულიანი, 5-დან 1 სამიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად პულენმა 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა.
პულენის ბოლონიური გუნდი, რომელსაც 9 მოგება და 17 წაგება აქვს, ცხრილში კვლავ მე-14 ადგილზეა.