ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კი – ტონი პარკერი. ფრანგებისთვის სლოვენიაში დასრულებული ევროპირველობა ისტორიული გამოდგა. ვინსენ კოლიეს გუნდმა კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტული არსებობის მანძილზე პირველად მოიგო.
ფრანგები ევროპის უმაღლეს პოდიუმზე აქამდე არასდროს ასულან. ისინი ორჯერ ფლობდნენ ბრინჯაოს და ერთხელაც ბრინჯაოს. საფრანგეთმა სლოვენიაში მიმდინარე ჩემპიონატი მძიმედ დაიწყო, ჯგუფში გერმანიასთან წააგეს, მეორე ეტაპზე კი ლიტვასთან და სერბეთთანაც დამარცხდნენ, თუმცა ფინალში მაინც გავიდნენ და ლიტვას დაუპირისპირდნენ.
ლიტველებმა ფრანგები მეორე ჯგუფურ ეტაპზე, 11 სექტემბერს 76:62 დაამარცხეს. აქედან გამომდინარე, ფინალშიც იმედიანად იყვნენ, მაგრამ ფრანგებმა ტურნირის მანძილზე დიდი პროგრესი განიცადეს და საჩემპიონო მატჩში ფაქტობრივად შეუჩერებელნი იყვნენ. ლიტვამ მხოლოდ პირველ მეოთხედში აჯობა ფრანგებს, რომელიც 21:18 მოიგო და ეს ლინას კლეიზას დიდი შედეგიანობით მოახერხა.
მეორე მეოთხედის შუაწელში ლიტვა 29:27 იგებდა, რის შემდეგაც კლეიზა დასასვენებლად მოედნიდან გავიდა, ფრანგებმა კი გარდატეხა მოახდინეს. 21:3 მოგებული 5-წუთეულის შემდეგ საფრანგეთი დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 50:34. ფრანგების შეტევებს ტონი პარკერი ხელმძღვანელობდა, თუმცა კოლიეს გუნდს სნაიერად ნიკოლას ბატუმი მოევლინა, რომელმაც პირველ ტაიმში 14 ქულა მოაგროვა.
მეორე ტაიმში ვითარება აღარ შეცვლილა. ლიტვა 14 ქულაზე ახლოსაც ვეღარ მივიდა ფრანგებთან და გაიმეორა 1995 წლის – ვერცხლის შედეგი. ისე კი ლიტველები ევროპის ჩემპიონები 3-ჯერ გამხდარან – 1937, 1939 და 2003 წლებში.
მესამე ადგილი საქართველოს ნაკრების მეჯგუფეებმა გაიყვეს. ესპანეთმა ბრინჯაოსთვის მატჩში ხორვატიას შანსი არ დაუტოვა და 92:66 დაამარცხა.
ფინალი. 22 სექტემბერი
საფრანგეთი – ლიტვა 80:66
მე-3 ადგილისთვის. 22 სექტემბერი
ესპანეთი – ხორვატია 92:66
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ხუთეული:
გორან დრაგიჩი (სლოვენია)
ტონი პარკერი (საფრანგეთი)
ლინას კლეიზა (ლიტვა)
ბოიან ბოგდანოვიჩი (ხორვატია)
მარკ გასოლი (ესპანეთი)
ვიდეოჰაილაითები: