საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდია გაანადგურა. ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის პირველ შეხვედრაში ქართველებმა შვედეთთან 32 ქულით წააგეს, მეორე დღეს კი შოტლანდიელები არ დაინდეს და 59-ქულიანი მარცხი გემეს.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვებით რეაბილიტაცია მოახდინა და მომავალი, პრინციპული მატჩების წინ ფსიქოლოგიურად კარგი განწყობა შეიქმნა. ქართელებს ხმ ჯგუფში 3 მატჩი დარჩათ გასამართი და სამივეში უნდა იმარჯვონ, ჯგუფიდან გამსვლელ საუკეთესო 2 გუნდში მოხვედრის გარანტია რომ ჰქონდეთ.
შოტლანდიასთან მატჩი კი გადამწყვეტი მატჩების წინ კარგი გავარჯიშება იყო. სამივე მეოთხედი ერთმანეთს ძალიან ჰგავდა – საქართველოს ნაკრებმა თითოეულში თითქმის ერთნაირი სხვაობით იმარჯვა. პირველი მეოთხედი ჩვენებმა 26:11 მოიგეს, მეორე – 26:10, მესამე – 22:11 და ბოლო პერიოდში მეტოქეს 25:18 აჯობეს. საბოლოოდ ქართველებმა ტურნირზე ყველაზე დიდსხვაობიანი გამარჯვება მოიპოვეს.
თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მწვრთნელს მოთამაშეები ძალიან არ დაუტვირთავს და სათამაშო დრო ყველას გაუნაწილა. ყველაზე მეტი – 24 წუთი ვილი ისიანმა ითამაშა და სწორედ მან აჩვენა საუკეთესო შედეგი: 13 ქულა, 10 მოხსნა და ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი. ქართველთაგან ბომბარდირი დავით ლომიძე გახდა, რომელმაც 19 წუთში 15 ქულა მიითვალა. ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა ნიკა დარბაიძეს, რომელმაც 8 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. 12 ქულა და 7 მოხსნა მიითალა გიორგი ცირიკიძემ.
ჩვენი ჯგუფის მეორე ტურის დანარჩენ მატჩებში შვედეთმა 71:61 მოუგო პორტუგალიას, ხოლო რუმინეთმა 73:66 სძლია სლოვაკეთს. 25 ივლისს ქართველები აუტსაიდერ სლოვაკებს შეხვდებიან.
ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 24 ივლისი
საქართველო 99:50 შოტლანდია
26:11, 26:10, 22:11, 25:18
სრული სტატისტიკა: 99:50