საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალე მატჩით გახსნა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპი, რომელიც დღეს ტალინში დაიწყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი პირველსავე მატჩში უშუალო კონკურენტს – პოლონურ „ასეკოს“ შეხვდა და 91:32 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრები პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. აქამდე გამართული 2 ეტაპის 10 მატჩში ქართველებს 6 გამარჯვება ჰქონდათ და მე-4 ადგილზე იყვნენ. ჩვენი გუნდი მე-3 ეტაპის ფარგლებშიც 5 მატჩს გამართავს და რაც უფრო მეტ მატჩს მოიგებს, ოთხთა ფინალში მოსახვედრად უფრო მეტი შანსი ექნება.
პოლონური გუნდი 10-დან 7 მოგებით ცხრილში ქართველებზე წინ იყო და დღევანდელ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პოლონურმა გუნდმა მიზეზთა გამო 7 კალათბურთელით ითამაშა და შანსი არ ჰქონია. ჩერქეზიშვილის გუნდმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და საბოლოოდ 59 ქულით იმარჯვა.
ჩვენი ნაკრები მორიგ მატჩს დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ლატვიურ დსნ-თან გამართავს.