საქართველო 2006-მა ევროპის ლიგის პირველი წრე ესტონელების ძლევით დაასრულა

საქართველო 2006-მა ევროპის ლიგის პირველი წრე ესტონელების ძლევით დაასრულა

ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “საქართველო 2006”-მა ევროპის 14-წლამდელთა ლიგის პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. 2 მოგებისა და 2 წაგების შემდეგ, წრის დასკვნით მატჩში ქართველები მასპინძელ ტტუ-ს შეხვდნენ და 60:53 (სტატისტიკა) დაამარცხეს. 

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2006” საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად და კლასის ასამაღლებლად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროგრამის ფარგლებში ევროპის ლიგაში ასპარეზობს. პირველ წრეს ესტონეთის დედაქალაქმა ტალინმა უმასპინძლა, სადაც შეკრებილმა გუნდებმა 4-4 მატჩი გამართეს. საქართველო 2006-მა 3 მოგებითა და 2 წაგებით 8 გუნდში მე-4 ადგილი დაიკავა. ქართველები ალბათ მეტსაც მიაღწევდნენ, რომ არა 2 ლიდერის – გოგიტა ბუკიასა და ნიკოლოზ აბულაძის ტრავმები, რომლებიც მე-2 მატჩის შემდეგ მოედანზე ვეღარ გავიდნენ.

გოგიტა ბუკია სიმბოლური ხუთეულში 

ესტონელებთან მოგებულ მატჩში 23 ქულით ლუკა ისაკაძე გამოირჩა. შედეგიანი იყო ლუკა მუჯირიშვილიც, რომელმაც 13 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 

ჩვენი ნაკრების მოთამაშე გოგიტა ბუკია ორგანიზატორებმა ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში, ცენტრის პოზიციაზე დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ ბუკიამ ტალინში მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ის იმდენად შთამბეჭდავად გაისარჯა, რომ სიმბოლურში დაასახელეს. 

საქართველო 2006 მეორე წრის 5 მატჩს 23-26 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართავს.

აღნიშნულ ასაკში სასელექციო მუშაობას მწვრთნელები გააგრძელებენ და ევროპის ლიგის მომდევნო წრეებში ქართული გუნდის შემადგენლობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადახალისდება, რათა უფრო მეტ მოზარდს მიეცეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე წარმოჩნის შესაძლებლობა.

სატურნირო მდგომარეობა

1. SKM 5 5 0 10 425/169 256 85.0/33.8
2. Admiralteiskaya 5 4 1 9 351/167 184 70.2/33.4
3. BC Gloria 5 4 1 9 288/207 81 57.6/41.4
4. Georgia 2006 5 3 2 8 339/219 120 67.8/43.8
5. BS Centralnaja 5 2 3 7 209/341 -132 41.8/68.2
6. TTU BS 5 1 4 6 229/243 -14 45.8/48.6
7. BS Jugla 5 1 4 6 157/329 -172 31.4/65.8
8. BS Spars 5 0 5 5 127/450 -323 25.4/90.0