საქართველო – ბელგიის მატჩისშემდგომი კომენტარები

საქართველო – ბელგიის მატჩისშემდგომი კომენტარები

 

იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“ვულოცავ ბელგიელებს. მათ კარგად ითამაშეს. დაღლილები ვიყავით, თუმცა ეს თავის გასამართლებლად არ გამოდგება. დღეს საქმე გვქონდა სერიოზულ, გამოცდილ გუნდთან, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს. შემთხვევითი არ იყო ბელგიის ნაკრების შარშანდელი გამარჯვება საფრანგეთთან. ჩვენს დღევანდელ მეტოქეს ევრობასკეტზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯი დააკლდა. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა გუნდია, თამაშიდან თამაშამდე, მეოთხედიდან მეოთხედამდე აგროვებს გამოცდილებას. ახლა ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და წინსვლა განვაგრძოთ. პორტუგალიასა და ბულგარეთთან ურთულესი მატჩები გველის. დღევანდელი წაგების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”.
 
ვიქტორ სანიკიძე:
“როგორც წესია, მწვრთნელმა მარცხი საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ არ დავეთანხმები. ეს მატჩი ჩვენ წავაგეთ. ცუდად ვითამაშეთ. მოდუნების საშუალება არ გვაქვს, ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის”.
 
ტორინ გრინი (საქართველოს ნაკრების უკანახაზელი):
“ასეთი სხვაობით წაგება ჩვენმა ცუდმა თამაშმა და მეტოქის კარგმა გარჯამ განაპირობა. წინ ორი მატჩია და ვეცდებით, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყვალაფერი კარგად შევასრულოთ”.
  
ედი კასტილსი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“შესანიშნავად ვითამაშეთ. ვულოცავ ჩემს ბიჭებს. დაცვაში დამაჯერებლად გამოვიყურებოდით. მაშინაც კი, როცა სხვაობა მცირდებოდა, გვჯეროდა, რომ მოვიგებდით. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემ. ახალგაზრდა და მშენებარე გუნდია. მჯერა, რომ ეს კალათბურთელები თავის სიტყვას აუცილებლად იტყვიან. ახლა, ჯგუფიდან გასვლის ყველაზე კარგი შანსი ჩვენ გვაქვს, შემდეგ პოლონეთსა და საქართველოს”.
 
კრისტოფ ბეგინი (ბელგიელთა ცენტრი):
“შეტევაში ასე კარგად დიდი ხანია, არ გვითამაშია. ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე გასვლა ამ მატჩზე იყო დამოკიდებული, მობილიზებულები გამოვედით და შედეგსაც მივაღწიეთ. საქართველოს კარგი უკანახაზელებიც ჰყავს, ფორვარდებიცა და მეფარეებიც. ფაჩულიას დარი ცენტრით ბევრი გუნდი ვერ დაიტრაბახებს”.