დღეს, 11 დეკემბერს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ ქართველებისთვის ისტორიული გადწყვეტილება მიიღო. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყანა კალათბურთში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ფიბა-ევროპამ საქართველოს გოგონათა ასაკობრივი პირველობის ჩატარება მიანდო. ჩვენი ნაკრები დღესდღეობით C დივიზიონშია და საქართველოც ზაფხულში სწორედ აღნიშნულ ტურნირს უმასპინძლებს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ბირთვს იმ გუნდის წევრები შეადგენს, რომელმაც გასულ ზაფხულს თბილისში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა. მართალია, ქართველებმა ტურნირის მონაწილე 8 გუნდში ბოლო ადგილი დაიკავეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თბილისში ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების ნაკრებები – რუსეთი, საფრანგეთი, ბელგია, ლატვია, უნგრეთი, თურქეთი – იყვნენ ჩამოსულნი.
გოგონათა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩების თბილისში გამართვის თარიღი მოგვიანებით დადგინდება, მანამდე კი ჩვენს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, გოგონათა გუნდების მწვრთნელებს, მოთამაშეებს, მენეჯერებს და მთლიანად, სპორტულ საზოგადოებას დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს.
12 დეკემბერს, მიუნხენში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძელი დასახელდება, აქ კი ფიბა-ევროპის მმართველი საბჭოს მიერ უკვე დადგენილ ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარების დროსა და ქვეყნების შესახებ ინფორმაციას წარმოგიდგენთ.