საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება ასაკობრივ ჩემპიონატებთან დაკავშირებით

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება ასაკობრივ ჩემპიონატებთან დაკავშირებით

2023-2024 წლების სეზონის ფარგლებში მიმდინარე საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატებიდან 16 და 18 წლამდელთა „ა“ ლიგებში მეორე წრე დაიწყო, 14-წლამდელებში კი პირველი წრე მალე დასრულდება. აღნიშნული ჩემპიონატების მონაწილე არაერთი გუნდის შემადგენლობაში მოხდა ცვლილება. მოთამაშეებმა გუნდები დატოვეს იმ მოტივით, რომ სხვა გუნდში გადავიდოდნენ, მაგრამ შესაბამისი ჩემპიონატების დებულებების მე-6 მუხლის თანახმად მოცემულ მომენტში აღნიშნული ტრანსფერები ვერ განხორციელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიმდინარე ჩემპიონატის დაწყებისთანავე ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა თითოეული ტურნირის დებულება, სამწუხაროდ, არსებული რეგულაციები ვერ გაითვალისწინეს იმ საკალათბურთო სკოლებმა და გუნდების მენეჯერებმა, რომლებსაც მოთამაშეების ტრანსფერი (დამატება, ან გაშვება) სურდათ.

ჩემპიონატების ორგანიზატორი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და იმ მოთამაშეების ინტერესების დასაცავად, რომლებმაც თავიანთი გუნდები დატოვეს და ახალში კონკრეტული რეგულაციის გამო ვერ გადადიან, სატრანსფერო ფანჯარას ერთჯერადად, ყველა მიმდინარე ასაკობრივი ჩემპიონატისთვის, ერთი კვირით ხსნის.

შესაბამისად, მოთამაშეებს, რომლებმაც გუნდები დატოვეს, საშუალება ეძლევათ დღეიდან, 26 მარტიდან, 1 აპრილის ჩათვლით დაემატნონ სხვა გუნდებს.

ტრანსფერი ვერ განხორციელდება, თუ მოთამაშეს არ ექნება გათავისუფლების ფურცელი. შესაბამისად, მოთამაშე გუნდს ვერ დატოვებს, თუ არ ექნება მისი პირვანდელი გუნდის თანხმობა.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება და ჩემპიონატები გაგრძელდება მოქმედი დებულების შესაბამისად.