საქართველომ დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. C ჯგუფი.
თბილისი. სპორტის სასახლე. 15 აგვისტო. 19:00
მსაჯები: ვლადიმერ დრაბიკოვსკი (უკრაინა), ტამაშ ფოლჰაზი (უნგრეთი), ერსან კარტალი (თურქეთი)
კომისარი: რაკოცი ლეშეკეი (პოლონეთი)
საქართველო 115:73 ლუქსემბურგი
31: 17 29:11 22:25 33:20
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაგეგმილი გამარჯვება კი მოიპოვა პირველ მეტოქესთან, თუმცა თუკი კონკრეტულ გეგმასა და დავალებას ჩავუღრმავდებით, ლუქსემბურგთან მოგებული სხვაობა დამშვიდების საბაბს ნამდვილად არ იძლევა. ქართველებს ჯგუფის ყველაზე სუსტი ბინადარი ეწვია და იგორ კოკოშკოვის გუნდს იმხელა სხვაობით უნდა მოეგო ლუქსემბურგელებისთვის, რომ უმთავრეს მეტოქე შვედეთთან მიმართებაში ბურთების შეფარდება მაქსიმალურად გაეუმჯობინებინა.
შვედეთში შარშან 2 ქულით დავმარცხდით და 26 აგვისტოს სკანდინავიელებს ამაზე მეტით თუ მოვუგებთ, ჯგუფში პირველ ადგილზე კი გავდივართ (თავისთავად იგულისხმება, რომ დანარჩენ მეტოქეებსაც დავამარცხებთ), მაგრამ თუკი შვედებს ბურთების საერთო შეფარდება ჩვენზე უკეთესი ექნა, მაშინ პლეი ოფში გასული 4 გუნდის ცხრილში ჩვენზე წინ აღმოჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საპლეიოფო მეტოქედ მონტენეგრო გვერგება, რომელიც ძალიან ძლიერია. ერთი სიტყვით, ყველა მატჩის რაც შეიძლება დიდი სხვაობით მოგება გვჭირდება, რათა პლეი ოფში მონეტენეგროს ავცდეთ და მეტოქედ შედაებით სუსტი ბელარუსი ვირგუნოთ.
ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრებმა ძალიან კარგად იციან – მათ არაერთხელ ესაუბრნენ ამის შესახებ ფედერაციის ხელმძღვანელები და მწვრთნელი ხომ თავისთავად. ჰოდა, გუშინ, როცა საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ 32 ქულას იგებდა, ყველა ამ უპირატესობის მინიმუმ გაორმაგებას ველოდით, მაგრამ მესამე მეოთხედში მეტოქემ ცივი შხაპი გადაგვასხა, როცა ათწუთეული 25:22 მოგვიგო. ქართველებში ტრადიციულმა და ალბათ უკურნებელმა სენმა იჩინა თავი – რაც დიდი სხვაობით დაწინაურებისას მოდუნებაში და არხეინობაში გამოიხატება.
ის საიმედო დაცვითი ჯებირები, რომელთა შენება პირველ მეოთხედში დაიწყეს ქართველებმა და მეორეში დაამთავრეს, დიდი შესვენების შემდეგ მთლიანად მოიშალა. თავად განსაჯეთ – პირველი ათწუთეული 14 ქულით მოვიგეთ, მეორე – 18 და თითქოს ლუქსემბურგელები წელში გატეხილები ჩანდნენ, მაგრამ გასახდელიდან მოედანზე დაბრუნებული მასპინძლები შეტევას მიეძალნენ და დაცვა გადაავიწყდათ. ლუქსემბურგელები თავისუფლად გრძნობდნენ თავს ჩვენი საჯარიმოს მისადგომებთან, პერიმეტრზე აწევას ვერ ასწრებდნენ ჩვენები და შედეგად ლუქსემბურგელებს სამქულიანების სროლის საშუალება ეძლეოდათ.
ახლა ისეთი დროა, თუკი საშუალებას მისცემ, სამქულიანს ნებისმიერი გუნდი ჩაგიგდებს. სტუმრებმაც ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და მიყოლებით ჩაგვიგდეს 3 სამქულიანი, რასაც 2 ორიანი და წყვილი საჯარიმოც მოაყოლეს და მესამე მეოთხედის 2–წუთიანი მონაკვეთი ლუქსემბურგელებმა 13:2 მოგვიგეს. შედეგად ჩვენი ლიდერობა 23 ქულამდე შეიკვეცა და განგაშის ზარმაც ჩამოჰკრა. მესამე მეოთხედის დასრულებამდე კი იყო მთელი 7 წუთი, მაგრამ ქართველებმა ვეღარ მოახერხეს ამ პერიოდის მოგება (22:25) და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ოდენ 29 ქულას ვიგებდით.
ბოლო მეოთხედში ქართველები გამოცოცხლდნენ, მაგრამ ისე ვერა, რომ საბოლოოდ ისეთი სხვაობით ემარჯვათ, როგორსაც გუნდის ხელმძღვანელებთან ერთად გეგმავდნენ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ცინცაძე, რომელმაც ნაკრების გენერალური პარტნიორის, კომპანია „ჰიუნდაი–საქართველოს“ მიერ დაწესებული თასი ჩაიბარა. ცინცაძესტან ერთად 20–ქულიან ზღვარს უწიეს ამ მატჩის ბომბარდირმა ტაირონ ელისმა (23) და ზაზა ფაჩულიამ (20). ვლადიმერ ბოისას 1 ქულა დააკლდა ამ ნიშნულამდე. ფარის მეფე ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელმაც 15 ბურთი მოხსნა, ამდენივე ქულაც მიითვალა და ჩვენიანთაგან ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.
გუშინ ჩვენი უმთავრესი კონკურენტი შვედეთი ირლანდიაში პირველი ტაიმის შემდეგ 40:20 იგებდა, თუმცა ჩვენს მსგავსად და ჩვენს გასახარად მეორე ნახევარში მოეშვა და საბოლოოდ 16–ქულიანი გამარჯვება მოიპოვა – 66:50. მომდევნო ტურში, 19 აგვისტოს, საქართველო ირლანდიას უმასპინძლებს და იმ მატჩშიც მაქსიმალურად დიდი სხვაობით გამარჯვება დაგვჭირდება. დღესდღეობით ბურთების საერთო შეფარდებით შვედებს +20 ვუსწრებთ, თუმცა მათ შინ ლუქსემბურგელებთან ჯერ არ უთამაშიათ და ამას ბოლო ტურში (29 აგვისტო) აკეთებენ, როცა საქართველოს ნაკრებს უკვე მოლეული ექნება ჯგუფური მატჩები. ასე რომ, 29 აგვისტომდე იმ სიდიდემდე უნდა გავზარდოთ ბურთების შეფარდება, რამდენით ლუქსემბურგზე გამარჯვებაც შვედებისთვის არარეალური იქნება.
ზაზა ფაჩულია:
“უკეთესი იქნებოდა, უფრო დიდი ანგარიშით მოგვეგო, მაგრამ საგანგაშოც არაფერია. შემდეგი თამაში ირლანდიასთან გველის და აუცილებლად უკეთესად უნდა ჩავატაროთ. ლუქსემბურგთან შეხვედრა კი სტრიტბოლს უფრო ჰგავდა, ვიდრე პროფესიულ კალათბურთს, რადგან მოწინააღმდეგე გუნდი, ლამის მთლიანად დაბალი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ასეთ ნაკრებთან თამაში განსაკუთრებულად რთულია”.
ტაირონ ელისი:
“ძალიან კმაყოფილი ვარ, იოლი გამარჯვება მოვიპოვეთ. უფრო მეტიც შეგვეძლო, მაგრამ შეცდომები დავუშვით. არა უშავს, დღევანდელი შეხვედრა სწრაფადვე უნდა დავივიწყოთ და შემდეგი თამაშებისთვის მზადება ახალი შემართებით დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, შეცდომებს გამოვასწორებთ და კიდევ უფრო უკეთეს კალათბურთს ვითამაშებთ”.
ვლადიმერ ბოისა:
“ლუქსემბურგი მთლიანად დაბალი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ასეთ ნაკრებთან კი განსაკუთრებით ძნელია თამაში. კარგი იქნებოდა, მეტოქე 60 ქულით დაგვემარცხებინა. ასეც იქნებოდა, პირველ-მეორე პერიოდებში მოპოვებული უპირატესობა მესამეშიც რომ შეგვენარჩუნებინა. საბოლოო შედეგით უკმაყოფილოები, მგონი, მაინც არ უნდა ვიყოთ”.
ვიქტორ სანიკიძე:
“შესვენების შემდეგ ოდნავ მოვდუნდით, მობილიზებულად ვეღარ ვიმოქმედეთ და უპირატესობაც დავკარგეთ. შემდეგ მეტოქეებთან აუცილებლად უკეთესად ვითამაშებთ”.
შვედეთი 5 5 0 394:311 10
საქართველო 5 4 1 467:354 9
სლოვაკეთი 4 2 2 371:345 6
ირლანდია 5 1 4 375:407 6
ლუქსემბურგი 5 0 5 325:514 5
ტაირონ ელისი ბურთს კალათში აჭედებს
გიორგი შერმადინი (#9)
საქართველოს ნაკრები წუთშესვენებაზე
ვიქტორ სანიკიძის მორიგი ჩატენილი ბურთი
გიორგი ცინცაძეს თასს გადასცემს “ჰიუნდაის” დირექტორი დავით გიორგობიანი