საქართველომ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ავსტრიის ძლევით დაიწყო

საქართველომ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ავსტრიის ძლევით დაიწყო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი “თბილისი არენაზე” დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა. თბილისში 15 ივლისს დაწყებული მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს ჩვენი გუნდი ისვენებდა და სადებიუტო შეხვედრა მეორე დღეს, 16 ივლისს, ავსტრიასთან გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის, ჯაბა ბაქრაძისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 81:65 (სტატისტიკა) სძლია და მიზნისკენ წარმატებით დაიძრა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 19 ქვეყნის ნაკრებია შეკრებილი, რომლებიც იმ 3 საგზურისთვის იბრძვიან, რომლის მოგების შემთხვევაშიც მომავალი, 2023 წლისთვის ელიტარულ – “ა” დივიზიონში აინაცვლებენ. 19 ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული. ტურნირის ფავორიტია სერბეთი, რომელიც 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა ( “ა” დივიზიონი მოიგო), თუმცა მომდევნო წელს დაქვეითდა და ახლა ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის და ალბათ მიზანსაც მიაღწევს – საწყის 2 მატჩში სერბებმა ჯამური 117 ქულით იმარჯვეს და მათი შემჩერებელი ტურნირზე ჯერ არ ჩანს.

როგორც აღვნიშნეთ, “ა” დივიზიონს 3 საუკეთესო მიიღებს და საქართველოს ნაკრების მიზანიც, ცხადია, პრიზიორთა შორის მოხვედრა იქნება, თანაც სასტარტო 16-ქულიანი გამარჯვების შემდეგ. არადა, ჩვენი ნაკრები პირველ პერიოდში აგებდა. საწყის წუთებზე ავსტრიელები უკეთესად გამოიყურებოდნენ და პერიოდი 20:14 მოიგეს. ეს იყო ავსტრიის მაქსიმუმი. მეორე ათწუთეულიდან მოედანზე სულ სხვა საქართველოს ნაკრები გამოვიდა, რომლის მოთამაშეებიც გააზრებულად, მიზანდასახულად თამაშობდნენ და მეტოქე მალევე რომ ჩამოიტოვეს, თამაშის ბოლომდე ახლოს არ გაიკარეს.

სულ რაღაც 14 წუთი დასჭირდა ლუკა ლიკლიკაძეს, საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მან კოჭი ამოიბრუნა და მოედანი დატოვა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ, თუმცა მისი დარჩენილ თამაშებში მოედანზე დაბრუნება ამ ეტაპზე დიდი კითხვის ქვეშ დგას. ლიკლიკაძემ 9 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. სარგებლიანობის კოეფიციენტით (16) ის ქართველთაგან საუკეთესო იყო.

ბომბარდირი გახდა ვლადიმერ სალარიძე, რომელმაც თავი 15 ქულას მოუყარა. 11-11 ქულა ზურა ვაშაკიძემ და ლევან ქვარცხავამ მიითვალეს. ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 8 ქულას დასჯერდა ვლადიმერ თავაქარაშვილი. 

ჩვენს ჯგუფში 2-დან 2 გამარჯვებით შვედეთი ლიდერობს. სკანდინავიელებმა პირველ დღეს კოსოვოს მოუგეს, შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიას დაძაბული ბრძოლაში 92:90 სძლიეს. სწორედ შვედეთს ეთამაშება მომდევნო ტურში – 17 ივლისს საქართველო, რომელმაც ძირითადი გამთამაშებელი, ლუკა ლიკლიკაძე ვერ დაეხმარება.