16-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო ევროშესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრებმა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა იმ რუმინეთს მოუგო, რომელმაც 3 დღის წინ ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ჰოლანდია დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა კაპიტნისა და გუნდის წამყვანი მოთამაშის გარეშე ითამაშა. ფაჩულიამ ფეხის ტრავმის გამო რუმინეთან მატჩი გამოტოვა, რაც კოკოშკოვის გუნდისთვის სოლიდური დანაკლისი იყო.
მიუხედავად საბოლოოდ მოპოვებული სოლიდური გამარჯვებისა, ვერ ვიტყვით, რომ საქართველომ იოლად მოიგო. რუმინეთმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ჯგუფის ფავორიტად მიჩნეულ საქართველოს. სტუმართა მწვრთნელმა მლადენ ოსტოიჩმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „წაგების მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. ბიჭებმა ღირსეულად იბრძოლეს ჯგუფის ფავორიტ საქართველოსთან, თუმცა ბოლომდე ძალები არ ეყოთ“.
საქართველომ მწობრად მოთამაშე რუმინეთი მესამე მეოთხედში გატეხა, ბოლო პერიოდში კი მოპოვებულ უპირატესობას სოლიდური სახე მისცა. საქართველოს ნაკრებმა ითამაშა გუნდური კალათბურთი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მეოთხედში მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა და რიგ მომენტებში მეტოქემ მინიმუმამდე შეამცირა ანგარიში, მთლიანობაში ნაკრებმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. გუნდის ბომბარდირი ჯეიკობ პულენი გახდა, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.
16 ქულა ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილს, 13 – გიორგი შერმადინს, ვიქტორ სანიკიძემ კი 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგ დუბლამდე თითო ქულა და მოხსნა დააკლდა სასტარტო ხუთეულის 20 წლის ფორვარდ თორნიკე შენგელიას. ამ უკანასკნელს თამაში თავიდან არ წაუვიდა, რასაც ნაადრევი პერსონალურები დააკლდა და მწვრთნელი იძულებული იყო შენგელია მოედნიდან გაეყვანა. მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნებული შენგელია უფრო შედეგიანი იყო.
იგორ კოკოშკოვი არ მოერიდა მატჩში სათადარიგო მოთამაშეების ჩართვას. თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, როცა მოედანზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნიკა მეტრეველი, ანატოლი ბოისა, ლევან ფაცაცია, ბესო ლეჟავა. ყველა მათგანმა ძირითად მოთამაშეებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 21 აგვისტოს სტუმრად, ბოსნიის ნაკრებთან გამართავს. კოკოშკოვის გუნდი სარაევოში 20 აგვისტოს, დილის 10 საათზე, ჩარტერული რეისით გაემგზავრება.
ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. D ჯგუფი. თბილისი. 18 აგვისტო
მატჩის შემდეგ:
მიჰაი სილვასანი: რთული თამაში გამოდგა ჩვენთვის. საქართველოს ნაკრები კარგად მომზადებული გუნდია. მატჩი ძალიან ცუდად დავიწყეთ, მეტოქესთან 0:7 ვაგებდით, თუმცა შემდგომ თამაში სამქულიანებით გამოვასწორეთ. შეხვედრის ბოლო მეოთხედამდე ვინარჩუნებდით შანსს, თუმცა საბოლოოდ ვერაფერს გავხდით. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად იმარჯვა და წარმატებულ დასაწყისს ვულოცავ.
მლადენ ოსტოჟიჩი, რუმინეთის მთავარი მწვრთნელი: საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და ეს გუნდი ფავორიტად ითვლება ჯგუფში. ჩვენ ამოგების შანსი გვქონდა, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. 35 წუთი ვუძლებით მეტოქეს, თუმცა საბოლოო ჯამში მას წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და მარცხი განვიცადეთ. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად იმარჯვა და მომავალ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ.
კოტე ტუღუში: რთული შეხვედრა იყო. რუმინეთი ძლიერი მოთამაშეებითა დაკომპლექტებული. ჩვენმა გუნდმა კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გარეშე ითამაშა, რომელსაც მას ტრავმა აწუხებდა. შესაბამისად ველოდით, რომ დღევანდელი მატჩი მარტივი არ იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ მეტოქეზე კარგად გავისარჯეთ და შეხვედრაც ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.
მანუჩარ მარკოიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესარჩევი ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ. რუმინეთის გუნდთან სტუმრად თამაში გველის და მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, საკუთარ კედლებში ვასპარეზობდით და ბუნებრივია მატჩი საკმაოდ ემოციური გამოდგა. ამის გამო გარკვეული ბავშვური შეცდომებიც დავუშვით, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ვიქტორ სანიკიძე: რუმინეთი ძლიერი გუნდია და წინააღმდეგობაც გაგვიწია. ტრავმის გამო ვერ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, თუმცა გიორგი შერმადინმა თავისი სამუშაო კარგად შეასრულა. წინ ურთულესი მატჩი გველის ბოსნიასთან, რომელიც ჩვენთან ერთად ჯგუფში ფავორიტად მოიაზრება და შესაბამისად დიდი სამუშაო გვაქვს. კარგი იქნება თუ მომავალ შეხვედრაში ზაზა დაგვეხმარება, თუმცა ჩვენ მის გარეშეც არ დავზოგავთ თავს და ჩვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვავლენთ.
ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები