საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მარცხი ევროშესარჩევ ციკლში. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ალმერეში გამართულ მატჩში ჰოლანდიასთან წააგო. ეს იყო ბენილუქსელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე გათამაშებაში, ხოლო ქართველებისთვის, როგორც აღვნიშნეთ, პირველი მარცხი.
ჰოლანდიელებმა 2 განსხვავებული ტაიმი ითამაშეს. პირველში მასპინძლები ქართველებს წინააღმდეგობას კი უწევდნენ, მაგრამ კოკოშკოვის გუნდი მაინც დამაჯერებლად ლიდერობდა. მეორე მეოთხედში საქართველოს უპირატესობამ 13 ქულას მიაღწია, თუმცა ტაიმი ქართველებმა 47:39 მოიგეს.
მესამე მეოთხედი ქართველებმა ჩააგდეს, რაც ჰოლანდიელების პერიმეტრზე გააქტიურების გამო მოხდა. აკერბომს დევიდ იანსენიც შეეშველა, სხვებმაც ჩააგდეს და მასპინძლები პერიოდის შუაწელში დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა ქართველებმა მოახერხეს უპირატესობის შენარჩუნება და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 3 ქულით – 65:62 ლიდერობდნენ. მესამე ათწუთეული ჩვენმა ნაკრებმა 20:25 დათმო.
ბოლო მეოთხედში ჰოლანდიელებმა, რომლებიც მანამდე ძირითადად შორი სროლების იმედად იყვნენ, ჩვენი ნაკრების ფარქვეშეთსაც გაუშინაურდნენ და ბოლო მეოთხედის უკვე მესამე წუთზე ლიდერობაც მოიპოვეს. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 5–ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენის საბოლოოდ აღმოფხვრა ვერ მოახერხა. იყო მომენტი, როცა ბოლოსწინა წუთზე 1 ქულით ჩამორჩენილი ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ სამქულიანი ისროლა, მაგრამ ისევე როგორც შორი ტყორცნების უმეტესობა, ჯეიკობ პულენმა ააცილა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, რუმინეთში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. D ჯგუფი. ალმერე. 27 აგვისტო
ჰოლანდია 91:88 საქართველო
15:19, 24:28, 25:20, 27:21
საქართველო: ცინცაძე 9, მარკოიშვილი 15, შენგელია 20, ფაჩულია 23, პულენი 16, შერმადინი 2, ფაცაცია 3, ბოისა
სრული სტატისტიკა:
http://www.eurobasket2013.org/en/cid_8Xfg3jZMG1QuJnp6pnUWd3.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.season_2013.gameID_8830-D-9-5.html
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„დასანანი მარცხი განვიცადეთ. მატჩი 40 წუთს გრძელდება. ბოლო ეპიზოდში ჩვენი გუნდი ბურთებს შედეგიანად ვეღარ ხსნიდა. ჩვენ მივეცით მეტოქეს საშუალება, რომ შანსი გასჩენოდა. მესამე მეოთხედში იანსენმა და აკერბუმმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სროლა ჩააგდეს. ჰოლანდია ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ამ შედეგმა ცხადყო, რომ ჯგუფში გუნდების დონე საკმაოდ თანაბარია“.
ზაზა ფაჩულია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი
„ჩვენ საკუთარი სულელური შეცდომების გამო წავაგეთ. დაკარგვები, ცუდი მუშაობა მოხსნებზე და დაცვაში მოდუნება. საქებარია ჰოლანდიელთა გუნდი, თუმცა მე საკუთარი გუნდის წევრებს ვადანაშაულებ.“
ვილემ იანსენი, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
„დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ. ჩვენ მონდომებით ვმუშაობთ და ეს გამარჯვებაც ამის მიზეზია. ჩვენ არ გვყავს ისეთი მოთამაშე, როგორიც მაგალითად ჯეიკობ პულენია, ჩენ მხოლოდ ჰოლანდიელი კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდი გვყავს. ამ საღამოს ყველას ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლობები“.
ჰენკ ნორელი, ჰოლანდიის ნაკრების წევრი:
„გამოსაღვიძებელი გამარჯვება იყო. ჩვენ ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ კარგად ვპოულობდით თავისუფალ მოთამაშეებს, რომლებსაც პასს არ ვუგვიანებდით და ვფიქრობ, ეს იყო გამარჯვების მიზეზი“.
D ჯგუფი
27 აგვისტო
ლატვია – რუმინეთი 89:53
–––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველო 4 3/1 343/326 7
ბოსნია 4 3/1 373/348 7
ლატვია 4 2/2 334/289 6
ჰოლანდია 4 1/3 334/370 5
რუმინეთი 4 1/3 286/337 5