საქართველომ ჰოლანდიასთან ნახევარფინალი დათმო, თუმცა A დივიზიონისთვის ბრძოლა წინაა

საქართველომ ჰოლანდიასთან ნახევარფინალი დათმო, თუმცა A დივიზიონისთვის ბრძოლა წინაა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის A დივიზიონში გადასვლის ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ევროჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალში ჰოლანდიასთან ბოლო წუთებზე წააგო და მთავარი მიზნის მისაღწევი პირველი მცდელობა ხელიდან გაუშვა. თუმცა საქართველოს ნაკრებს კიდევ რჩება ელიტარულ დივიზიონში გადასვლის შანსი – 19 აგვისტოს, მე-3 ადგილისთვის მატჩში ქართველები დიდ ბრიტანეთს ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მომავალი წლისთვის A დივიზიონში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

არადა, ქართვეები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. მართალია, ჰოლანდია ძალიან კარგი გუნდია და მატჩის უდიდეს ნაწილში ლიდერობდა, თუმცა მესამე პერიოდში ჩვენებმა იძალეს და დაწინაურდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს ნაკრების წინამძღოლმა რატი ანდრონიკაშვილმა სამქულიანი ჩააგდო და ჩვენები 58:53 დააწინაურა, თუმცა… ჰოლანდიელებმა აქცენტი შორ სროლებზე გადაიტანეს და მიჯრით ჩაგდებული სამქულიანების წყალობით 8:0 გაქცევა მოაწყვეს.
ჰოლანდია ჯერ 61:58 დაწინაურდა, შემდეგ კი უპირატესობა 5 ქულამდე გაზრდა და თამაშისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა. დასანანი მარცხი განიცადეს ქართველებმა, რომლებსაც B დივიზიონში მე-3 ადგილის დაკავების შანსი დარჩათ, რაც მომავალ წელს ელიტაში ასპარეზობის გარანტია. ჩვენს ნაკრებს, კარგი შანსი აქვს, ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებისთვის თან რევანში აუღოს დიდ ბრიტანეთს და ამავდროულად A დივიზიონის საგზურიც მოიპოვოს.
B დივიზიონის მატჩი მე-3 ადგილისთვის, რომელიც საქართველოსთვის ფინალის ტოლფსია, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
ჰოლანდია – საქართველო 67:62 (სტატისტიკა)