ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. C ჯგუფი. 17 სექტემბერი. შვედეთი. უმეო
შვედეთი 61:59 საქართველო
18-18 24-13 12-11 7-17
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედეთში ბოლო წამებზე, 2 ქულით წააგო და ევროსაკვალიფიკაციო ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა. აქამდე იგორ კოკოშკოვის გუნდმა ერთი ამოსუნთქვით მოუგო ჯგუფში ყველა შემხვედრს, თუმცა A დივიზიონიდან ჩამოქვეითებული შვედეთისგან უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მეოთხედში 14 ქულით ჩამორჩებოდა მეტოქეს, დეფიციტი ორამდე შეკვეცა მოახერხა და ბოლო წამზე ცოტა რომ გამართლებოდა, გამარჯვებასაც მიაღწევდა.
ბოლო მეოთხედი 2 წუთის დაწყებული იყო, ლესლი მირტილმა საშუალო დისტანციიდან ბურთი რომ ჩაგვიგდო და შვედეთი 56:42 დაწინაურდა. ვინ ნმოიფიქრებდა, რომ დარჩენილ დროში საქართველო თამაშს ისე გამოასწორებდა, რომ მოსაგებადაც გაიწევდა, თუმცა იგორ კოკოშკოვის გუნდმა ეს მოახერხა.
ტაირონ ელისმა ბოლო შეტევაში წაიფორხილა
დარჩნილ დროში ქართველთა სერბმა დამრიგებელმა უამრავი შეცვლა გააკეთა. რა აღარ იღონა მწყობრად მოთმაშე შვედების გასატეხად და მიუხედავად იმისა, რომ საფინალო სირენამდე ორიოდ წუთით ადრე ზაზა ფაჩულია მოედნიდან ფერსონალურების ლიმიტის გამო გავარდა, საქართველომ 14–ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეკვეცა. ტაირონ ელისმა სირენამდე 10 წამით ადრე სამქულაინი ჩააგდო და ქართველები 59:60 მიაახლოვა შვედებს.
ეს იყო კულმინაცია, კოკოშკოვის გუნდი თითქმის უიმედო თამაშს ატრიალებდა და მომდევნო სვლაც გონივრული გააკეთა – მეტოქეზე ტაქტიკურად დაჯარიმდა და შეტევისთვის 7 წამი დაიტოვა. თან სკანდინავიელთა ლიდერმა კენი გრანტმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო და ქართველებს მატჩის გადასარჩენად 7 წამი ჰქონდათ. ტაირონ ელისმა ითავა შეტევა, თუმცა შვედების საჯარიმოში შესულს ბურთი დაეკარგა და საფინალო სირენაც გაისმა.
საოცარია ამ მატჩის სტატისტიკა. ქართველებმა შვედები აშკარად დაჯაბნეს თამაშიდან სროლებში. მასპინძლებმა 46 ორქულიანი ესროლეს(13 ჩააგდეს), ხოლო 25 სამქულიანი ცდიდან 6 გაარტყეს მიზანში. ქართველებმა 23 საშუალო სროლიდან 14 მოათავსეს მეტოქის კალათში, ხოლო 24 საქმქულიანიდან შვედების დარად 6 ჩააგდეს.
შვედებს კენი გრანტმა ულიდერა
გამოდის, რომ პროცენტულად შვედებს ბევრად ვაჯობეთ, მაგრამმასპინძლებმა მაინც იმარჯვეს. შვედები ბევრს აცილებდნენ, მაგრამ მათ კიდევ და კიდევ ეძლეოდათ შეტევის უფლება, რაკი ჩვენს ფარზე უპირობოდ დაგვჩაგრეს. საბოლოო ჯამში შვედებმა 9 მოხსნით გვაჯობეს, მაგრამ ჩვენს ფარზე უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ. ქართველებმა შვედების ფარზე 8 ბურთი მოხსნეს, შვედებმა კი ჩვენსაზე მთელი –25. სხვაობა შთამბეჭდავია და ამაში დევს შვედების წარმატების საიდუმლო.
კოკოშკოვის გუნდი დებიუტში 15:5 რომ დაწინაურდა, ალბათ იფიქრა, შვედებსაც იოლად დავამარცხებო და ამან ცუდი ფსიქოლოგიური სამსახური გაგვიწია. ამ ანგარიშზე შვედებმა წუთშესვენება აიღეს და გუნდი ისე გადააწყვეს, რომ მოედანზე დაბრუნებულ მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ. მომდევნო წუთები, რომელიც მეორე მეთხედშიც გადავიდა, შვედებმა 20:3 მოგვიგეს და 25:18 დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ იყო საქართველოს განუწყვეტელი მცდელობა, დაწეოდა მეტოქეს, რაც ბოლო წუთზე მოახერხა კიდეც, მაგრამ გადამწყვეტ შეტევაში აღარ გაუმართლა. კოკოშკოვის გუნდმა თამაშის ბოლო 8 წუთი 15:3 მოუგო შვედებს, მაგრამ გამარჯვებისთვის საკმარისი ეს არ აღმოჩნდა. საქართველო მომავალ წელს ოთხივე მეტოქეს შინ მასპინძლობს და პირველი წრის მატჩების გათვალისწინებით, ყველაში უნდა იმარჯვოს, რაც სრულიად საკმარისი იქნება პლეი ოფში გასასვლელად.
კოსტას ფლევარაკისი, შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ჩვენ მოვგეთ იმიტომ, რომ გვქონდა დიდებული დღე, იმიტომ, რომ ძლიერი დაცვა მითამაშეთ, იმიტომ, რომ მეტოქეს ჩვენს მოედანზეც ვავიწროვებდით და მოხსნებშიც ვაჯობეთ. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და საბოლოო ჯამში გვქონდა მხოლოდ 9 დაკარგვა, რომელთა უმეტესობა ბოლო წუთებზე მოდის. სროლები რომ წაგვსვლოდა, სხვაობა დიდი იქნებოდა. საქართველომ წინა მატჩებში იოლად გადააბიჯა 90–ქულიან ზღვარს, ჩვენ კი მათ მხოლოდ 59 ჩავაგდებინეთ. იმედია, შვედ ხალხს გათვითცნობიერებული აქვს, თუ როგორი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ეს შვედური კალათბურთისთვის”.
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ვულოცავ შვედეთის ნაკრებს ამ გამარჯვებას, მათ კარგად ითამაშეს. ხუთი კვირაა, გზაში ვართ, ქვეყნიდან ქვეყანაში დავდივართ და სტუმრად გვიწევს თამაში, თუმცა ეს არ გახლავთ ჩვენი წაგების გამართლება. მე ვუთხარი ჩემს მოთამაშეებს, რომ კარგი გუნდი ყოველთვის იპოვის გამარრჯვებისთვის საჭირო გზას, თუმცა როცა მეტოქეს საკუთარი ფარის ქვეშ 25 მოხსნის გაკეთების უფლებას აძლევ, ეს მიუღებელია”.
სატურნირო ვითარება