საქართველომ სლოვაკეთი გაანადგურა და ჯგუფში გალიდერდა

საქართველომ სლოვაკეთი გაანადგურა და ჯგუფში გალიდერდა

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. თბილისი. 22 აგვისტო
საქართველო 91:50 სლოვაკეთი
 24:8 22:12 24:13 21:17
 
საქართველსო ნაკრებმა მიმდინარე ევროსაკვალიფიკაციო ციკლში თავის საუკეთესო მატჩი ითამაშა და ის სლოვაკეთი, რომელმაც 3 დღის წინ ჩვენს უმთავრეს კონკურეტ შვედეთთან სტუმრად 6 ქულა წააგო, რომ იტყვიან, მიწასთან გაასწორა.
ნამატჩევს სლოვაკთა მთავარმა მწვრთნელმა მილან ჩერნივსკიმ თქვა, ძალიან ძლიერი გუნდი გყავთ, თქვენსა და შვედებს შორის უდიდესი განსხვავებაა და ვფიქრობ, 20 ქულით მათი დამარცხება არ უნდა გაგიჭირდეთო.
20–ით კი არა, 2 ქულითაც რომ მოვუგოთ 26 აგვისტოს შვედებს, ჯგუფში პირველ ადგილს ხომ ვიკავებთ და პლუს ამას, პრაქტიკულად გადაწყდება, რომ პლეი ოფში, ანუ A დივიზიონში გადასასვლელ ორრაუნდიან ბრძოლაში ბელარუსს ვხვდებით. თუკი შვედებს მართლაც 2 ქულით მოვუგეთ, ბურთების შეფარდება შვედებზე 94–ით უკეთესი გვიხდება და ბოლო ტურში, როცა საქართველო ისვენებს, სკანდინავიელებმა რომ გვაჯობონ, მინიმუმ 95 ქულით უნდა დაამარცხონ ლუქსემბურგელები. ხოლო რაც მეტით მოვუგებთ შვედებს, მათ ბენილუქსელების დამარცხება მით უფრო მეტით სხვაობით დასჭირდებათ. 95 და მეტი სხვაობით ლუქსემბურგის დამარცხება კი, ალალად ვთქვათ და შვედეთისთვის არარეალურია. შვედების გადასწრება კი იმისთვის გვჭირდება, რომ პლეი ოფში ბობოქარ მონტენეგროს ავერიდოთ.
ქართველებმა სლოვაკების განადგურების შემდეგ არანაკლებ სასიხარულო ამბავი შეიტყვეს – მიმდინარე საკვალიფიკაციოში ჯერაც დაუმარხებელმა ბელარუსმა შინ შვეიცარიასთან წააგო და თუკი ჩვენ შეგვხვდება, მოედნის უპირატესობა არ ექნება. ერთი სიტყვით, თუკი შვედებს დავამარცხებთ და მათ პლეი ოფის ცხრილშიც გადავასწრებთ, მეტოქედ ბელარუსი გვერგება და მოედნის უპირატესობაც ჩვენი იქნება. პირველ შეხვედრას 5 სექტემბერს სტუმრად გავმართავთ, ხოლო 9–ში ბელარუსებს თბილისში ვუმასპინძლებთ და ამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული სანუკვარ A დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
სლოვაკებთან მატჩს რაც შეეხება, იგი შეიძლება თავიდან ბოლომდე ქართველების ქება–დიდებად მოვნათლოთ. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ითამაშა კლასიკური კალათბურთი – უძლიერესი დაცვითა და ბასრი შეტევით. თავად განსაჯეთ, სლოვაკებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 20 ქულა ჩააგდეს – ზუსტად იმდენი, რამდენიც იმ მომენტისთვის მხოლოდ ზაზა ფაჩულიას ჰქონდა მოგროვებული. მთლიანობაში კი კოკოშკოვის გუნდმა 46:20 მოიგო ტაიმი, რითაც ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა შესვენებამდევე გაარკვია.
ქართველების დაცვას იდეალური ეთქმოდა, რადგან  ეფექტური იყო და სუფთა. პირადად მე არ მახსოვს ეროვნული ნაკრების თამაში, რომელშიც ჩვენიანთაგან 1 პერსონალურზე მეტი 1 მოთამაშეზე მეტს არ მიეღოს. ანატოლი ბოისა იყო ერთადერთი კალათბურთელი ჩვენს გუნდში, რომელიც სამჯერ დაჯარიმდა, დანარჩენებს კი 1 პერსონალურზე მეტი არ მიუღიათ. ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა კი სულაც ისე დატოვეს მოედანი, რომ ერთხელაც არ დაჯარიმებულან.
ფარზე თამაში ავიღოთ – ქართველებმა 21 მოხსნით მეტი მოაგროვეს, რაც თანამედროვე კალათბურთში ნიშნავს, რომ მეტოქე ფარქვეშ არ გააჭაჭანე. ნებისმიერ კომპონენტში ქართველებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და საბოლოოდ ყველაფერი კარგად ასახა ტაბლომ: 91:50.
მატჩის შემდეგ თვალები გაფართოებოდა შვედეთის ნაკრების ასისტენტ მწვრთნელს, რომელიც თბილისში ქართველების დასაზვერად ჩამოვიდა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პლეი ოფში მონტენეგროსთან მოგვიწევს თამაშიო, დაიჩივლა შვედმა და ალბათ ასეც იქნება.
 

 

 

 

ქართველებმა სლოვაკებს ხელები ააწევინეს
 

ვიქტორ სანიკიძემ ფარქვეშ ისევ უბადლოდ იმუშავა
 

უჩვეულო მომენტი: პირველი ტაიმის შემდეგ მოთამაშეს (ფაჩულია) ზუსტად
იმდენი ქულა აქვს მოგროვებული, რამდენიც მეტოქე გუნდს მთლიანად
 

ფარქვეშ შეიჭრა გიორგი ცინცაძე
 

მესამე მეოთხედში ტაირონ ელისმა მიჯრით 3 სამქულიანი ჩააგდო
 

სლოვაკთა ფარს უტევს ნიკოლოზ ცქიტიშვილი
 

ზაზა ფაჩულია ვერც ნოვაკმა გააჩერა და ვერც სხვა ვინმემ
 

ნაკრების გენერალური პარტნიორი “ჰიუნდაის” პრიზი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზაზა ფაჩულიამ ჩაიბარა