საქართველომ ტრადიცია დარღვია. ევრობასკეტი ჰოლანდიასთან მარცხით დაიწყო

საქართველომ ტრადიცია დარღვია. ევრობასკეტი ჰოლანდიასთან მარცხით დაიწყო

მოხდა ის, რაზეც მატჩამდე თვეების განმავლობაში საუბრობდნენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელები, თუ მოთამაშეები – ჰოლანდია დაბალანსებული, მებრძოლი და შეუპოვარი გუნდია. თუ ბოლომდე არ დავიხრჯეთ, გამარჯვებას ვერ მივაღწევთ – ეს იყო ქართველების პათოსი და მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა იმდენად მობილიზება, რომ უსახელო, მაგრამ ბოლომდე მებრძოლი ჰოლანდია დაგვემარცხებინა.

ჰოლანდიელებმა გვაჩვენეს ბრძოლისა და თავდადების საუკეთესო მაგალითი. გუნდს ერთადერთი მოთამაშე ჰყავს ისეთი, რომელიც მაღალი დონის საკალათბურთო ლიგაში თამაშობს. ესაა ესპანური პრიმერადივიზიონის „სარაგოსაში“ მოთამაშე ჰენკ ნორელი. დანარჩენები კი ძირითადად ჰოლანდიის კლუბებიდან არიან. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელებმა ჯერ კიდევ შესარჩევი ტურნირისას დაამტკიცეს, რომ აუტსაიდერები არ არიან, როცა ევრობასკეტის მიღმა ბალკანეთის ერთ-ერთი მძლავრი წარმომადგენელი ჩერნიგორია დატოვეს.
ქართველებს კარგად ჰქონდათ ჰოლანდიელების ფარული სიძლიერე გათავისებული, მაგრამ დაგეგმილი ვერ შეასრულეს. დღეს საქართველოს ნაკრებმა თავისი თამაში ვერ ანახა და ამაში, უპირველესად, „ნარინჯისფერები“ არიან „დამნაშავეები“.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. ქართველები შენგელიას და მარკოიშვილის ზუსტი სროლებით 5:2 დაწინაურდნენ, მაგრამ ჰოლანდიელებმა დაცვას მიხედეს და ქართველებს სივრცეები შეუზღუდეს. ფარქვეშ ვერ შედიოდნენ, თუმცა შორი სროლებით 11:7 დაწინაურდნენ და კოკოშკოვმაც წუთშესვენების უფლება გამოიყენა. მწვრთნელის ტაქტიკურმა სვლამ გაამართლა და ქართველებმა ჯერ ჩამორჩენა გააბათილეს, შემდეგ, ფაჩულიას და შენგელიას ქულებით დაწინაურდნენ კიდეც – 15:13. ამას ჰოლანდიელი უორტი დე იონგის 2 ზუსტი გარღვევა მოჰყვა, რომელზეც ქართველებმა ორჯერვე წესები დაარღვიეს, თუმცა „მფრინავმა ჰოლანდიელმა“ ორივე საჯარიმო აცილა და 17:17.

მეორე პერიოდში ჰოლანდიელები უკეთესად ათამაშდნენ, რასაც ქართველების შეცდომებიც ერთვოდა და კოკოშკოვის გუნდი 22:28 ჩამორჩა. ამ მომენტისთვის უკვე აშკარად გამოჩნდა ჰოლანდიელების უპირატესობა. მეტოქე დალაგებულად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჰოლანდიელთა სწრაფმა უკანახაზელმა ჩარლონ კლოუფმა გარღვევებით აიკლო ქართველების ფარი და მას საჯარიმოს ხაზიდანაც რომ გამოეჩინა სიუსტე, ქართველების ჩამორჩენა დიდი შესვენებისთვი უფრო დიდი იქნებოდა. ასე კი ჰოლანდიელები პირველი ნახევრის შემდეგ 36:26 იგებდნენ.
მეორე ტაიმი ჩვენი ნაკრების 2 ზუსტი შეტევით განახლდა. მარკოიშვილმა და ფაჩულიამ ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, თუმცა კლოუფმა სამიანი ჩაგვიგდო, შემდეგ კი ფაჩულიამ ტექნიკური მიიღო და ჰოლანდიელებმა 10-ქულიანი უპირატესობა აღადგინეს – 40:30. ეს სხვაობა მესამე მეოთხედის ბოლომდე რამდენჯერმე შემცირდა, თუმცა ჰოლანდიელები არ ტყდებოდნენ. ერთ ეპიზოდში დუდა სანაძემ სამქულიანი ჩააგდო, რასაც შენგელიას ჩაჭრა და ჰოლანდიელთა არასპორტული ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ ქართველებმა ვერ გამოიყენეს თორნიკეს ზუსტი საჯარიმოების შემდეგ ბოძებული ბონუს-შეტევა და მეოთხედი ისე ჩამთავრდა, ქართველებმა საპირველტაიმო ჩამორჩენას ვერაფერი მოაკლეს – 48:58 მესამე პერიოდის შემდეგ.
ბოლო პერიოდი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს და ძირითადად შორი სროლებით ჩამორჩენა 5 ქულამდე შემცირდა. ეს პულენის სამქულიანის შემდეგ მოხდა – 55:60 დასრულებამდე 7,40 წუთით ადრე. მალე ზაზა ფაჩულიამ საჯარიმოების ტყორცნის უფლება მოიპოვა და ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა – 57:60. ქართველებმა დასკვნით წუთებში ჰოლანდიელებს ჩამორჩენაც გაუბათილეს და წინაც გავიდნენ – 65:60, თუმცა ბოლო 2 წუთში გამოჩენილი უზუსტო თამაშით შემოტრიალებული თამაშის მოგების შანსი ხელიდან გაუშვეს. მიუხედავად არაერთი შეცდომისა, ქართველებს მოგების შანსი მაინც შერჩათ, თუმცა მარკოიშვილის გადამწყვეტი სროლა 3 მეტრის დისტანციიდან კალათში არ ჩაეშვა. საბოლოოდ 72:73 – საქართველომ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწარე და დასანანი მარცხი იწვნია.
ქართველებმა პირველ მატჩში დამარცხებით დაარღვიეს აქამდე არსებული სასიამოვნო ტრადიცია. 2011 და 2013 წლის ევროპირველობები კოკოშკოვის გუნდმა გამარჯვებით დაიწყო და ამ ტრადიციის გასაგრძელებლად შესანიშნავი მეტოქე ჰყავდა ჰოლანდიის სახით, მაგრამ… ამ დამარცხებით ქართველებმა საქმე უკიდეურესად გაირთულეს, რადგან ჯგუფიდან გასასვლელად მინიმუმ 2 მეტოქის დამარცხება იქნება საჭირო. მეტოქეები კი არიან: სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ხორვატია.
ხვალ, 6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სლოვენიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
 
ევრობასკეტ 2015. ზაგრები. 5 სექტემბერისაქართველო 72:73 ჰოლანდია17:17, 9:19, 22:22, 24:15საქართველო: ცინცაძე 8, მარკოიშვილი 11, სანიკიძე 1 ქულა, 9 მოხსნა, შენგელია 16 ქულა, 8 მოხსნა, ფაჩულია 16; პულენი 7, ერმადინი 2, სანაძე 11, ფაცაცია, ბურჯანაძე
ჰოლანდია: კლოუფი 22, უორტი დე იონგი 16, ნორელი 8, სმულდერსი 8, ხერაზი 2, აკერბუმი 5, შაფტენაარი 6, ნიკოლად დე იონგი 4, სლაგტერი 2სრული სტატისტიკა: 72:73
ფოტოგალერეა: 98 ფოტო
იგორ კოკოშკოვი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ამ მატჩისთვის ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ ჰოლანდია იყო მეტად სახიფათო მეტოქე და ეს თამაშმაც გამოაჩინა. ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ვან ჰელფტერენი, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ჩვენი გუნდის სიძლიერე დაცვითი თამაშია. არ გვაწყობს ისეთი ყაიდის მატჩები, რომელშიც ბევრი ქულა ვარდება, რადგან შეტევით თამაშში მეტოქეს ვერ ავყვებით. დღეს კარგი დაცვა ვითმაშეთ, მაგრამ ბოლო წუთებზე ყველაფერი წყალში გვეყრებოდა, თუმცა იღბალმა გადმოგვხედა და ის შრომა დაგვიფასდა, რაც საწყიდსი 3 პერიოდის მანძილზე გავწიეთ. ბოლოს არაერთი ისეთი ბურთი ჩავაგდეთ, რომ თავისუფლად შეიძლებოდა აგვეცილებინა და მატჩი წაგებული იყო. 
თორნიკე შენგელია: „მატჩის წინ ვთქვით, რომ სხვაობა ან ჩვენი, ანე მეტოქის სასარგებლოდ დიდი რომ ყოფილიყო, გადაწყვეტილად არაფერი ჩაგვეთვალა. ამის წყალობითაც, სხვაობა აღმოფხვერით და მოგებასთან ახლოს ვიყავით. ცუდი იყო, რომ პირველ ტაიმში სასურველ დონეზე ვერ გამოვიყურებოდით. ამან მატჩს თავისი დაღი დაასვა. ყველაფრის მიუხედავად, თავის დახრის დრო არაა. მომდევნო მატჩებშიც უნდა ვიბრძოლოთ“.
ჯეიკობ პულენი: “მეტოქემ ძლიერად ითამაშა. ეტყობოდათ, რომ კარგად იყვნენ მომზადებულნი და ალბათ, მაქსიმუმი გააკეთეს. დასკვნით მეოთხედში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა, მცირედი დაგვაკლდა. მანუს რომ ჩაეგდო, ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა… ძალიან საწყენია. მარცხის მიზეზი ის იყო, მატჩი ძალიან მძიმედ დავიწყეთ. ჰოლანდიისთვის დიდი უპირატესობით წინ გასვლის საშუალება არ უნდა მიგვეცა. ბოლოსკენ, იღბალიც მათ მხარეს იყო”.