საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საასპარეზოდ მიემგზავრება

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში საასპარეზოდ მიემგზავრება

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები, რომლის მიზანიც პერსპექტიული ბავშვების 16-წლამდელთა ნაკრებისთვის მომზადებაა, წელს ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში გაწევრიანდა, სადაც კონტინენტის 20 ქვეყნის კლუბები არიან თავმოყრილნი და უკვე 21 ნოემბრიდან ჩვენი გუნდი ოფიციალურ მატჩებში ჩაერთვება. 14-წლამდელთა ნაკრებს ცნობილი ვეტერანი კალათბურთელი და მწვრთნელი, ნოდარ ქორქია წვრთნის, რომლის ასისტენტიც ირაკლი მაისურაძეა. ჩვენ კი ნაკრების მენეჯერი, გივი სანაძე გვესაუბრება.

„ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების კლუბები თამაშობენ. მაგალითად ჩვენს ჯგუფში არვიდას საბონისის აკადემიის გუნდია, სხვა ჯგუფებში კი წამყვანი რუსული, ლატვიური, ესტონური, ლიტვური, პოლონური, ფინური და სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი კლუბები არიან. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ კლუბებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ლიგაში გაწევრიანდნენ და ახალგაზრდული გუნდებით იქ იასპარეზონ, ეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გააკეთა. შეკრიბა ამ ასაკში ყველა პერსპექტიაული ბავშვი და 14-წლამდელთა ნაკრებში გააერთიანა. ეს უდავოდ მისასალმებელი ფაქტია, რადგან ეს თაობა ქართული კალათბურთის მომავალია, რომელმაც 2 წელიწადში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსება უნდა დაიცვას. აქამდე 16-წლამდელთა ნაკრებში მოასპარეზე კალათბურთელებს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდათ, ახლა კი მათ მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება გაუმაგრებთ ზურგს, რომელსაც მოზარდები ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მიიღებენ“.
ევროპული ლიგის პირველი ტური 21-23 ნოემბერს ესტონეთის ქალაქ ტარტუში გაიმართება, სადაც ნოდარ ქორქიას გაწვრთნილი ნაკრები 5 მატჩს ჩაატარებს. გუნდები დღეში 2-2 მატჩს გამართავენ. საქართველო პირობითად C ქვეჯგუფში მოხვდა საბონისის აკადემიასთან, პოლონურ „პომერანიასთან“ და ლიტვურ „პერკუნასთან“ ერთად, თუმცა ეს თავმოყრა პირობითია და  ჩვენი ნაკრები მომავალ მარტამდე პირველ ჯგუფში მოხვედრილ 15-ივე კლუბს შეხვდება. მეორე ტურის გასამართად 16 გუნდი 15-18 იანვარს ლატვიის დედაქალაქ რიგაში შეიკრიბება, ხოლო რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურს 26-29 მარტს ლატვიისავე ქალაქი ვენტსპილსი უმასპინძლებს. თუკი 3 ტურისა და მთლიანობაში გამართული 15 მატჩის ჯამში წარმატებული შედეგი ექნება, საქართველო სუპერფინალში გავა და მონაწილეობას მიიღებს 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით რიგაში გასამართ დასკვნით ეტაპში.
„სანამ 21 ნოემბრიდან ტარტუში, ოფიციალურ ტურნირში ჩავებმებოდეთ, 17 ნოემბერს ლატვიაში ჩავალთ და რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. ნაკრებში 20 კანდიდატია, რომლებიც ვარჯიშებზე სისტემატიურად დადიოდნენ, ესტონეთში კი 12 მოთამაშით მივდივართ. ნაკრებში სასელექციო მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება და თუ რომელიმე პერსპექტიული ახალგაზრდა გამოჩნდა, მწვრთნელები უყურადღებოდ არ დატოვებენ“ – გვითხრა ნაკრების მენეჯერმა.
ლატვიაში ამხანაგური და ესტონეთში ოფიციალური მატჩების ჩასატარებლად ეს 12 მოთამაშე მიემგზავრება: ბიძინა  ფეიქრიშვილი, გიგი ტაბაღუა, დაჩი ქავთარაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლაშა მიქელაძე, მიხეილი ზურაბაშვილი, ჯაბა ლაზვიაშვილი, გიგა მახვილაძე, გიორგი ჭეიშვილი, ირაკლი სულხანიშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
21 ნოემბერი
აუდიენტესი, ესტონეთი – „საქართველო 2001“      12:00
„საქართველო 2001“ – ჰელსინკი, ფინეთი               18:00
 
22 ნოემბერი
ტარტუ, ესტონეთი – „საქართველო 2001“               13:30
„საქართველო 2001“ – „მუკი“, ფინეთი                   18:00
 
23 ნოემბერი
პერკუნასი, ლიტვა  – „საქართველო“                      10:30