საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა კაუნასში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში დღეს 2 გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ჯერ ტარტუს „როკს“ სძლიეს, შემდეგ კი – სანკტ-პეტერბურგის „ვასილეოსტროვსკაიას“.
ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილ გუნდს სანკტპეტერბურგელების ძლევა არ გასჭირვებია. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ქართველებმა მეორე პერიოდი 14:4 იმარჯვეს და მეტოქეს წინააღმდეგობა გატეხეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 53:38 დაამარცხა „ვასილეოსტროვსკაია“, რითაც ევროპის ლიგის მე-3 ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს ლაშა მიქელაძემ ულიდერა, რომელმაც 13 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა გიორგი ჭეიშვილის ანგარიშზე, ხოლო ვოვა თავაქარაშვილმა 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
ესტონურ გუნდთან შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. პირველი მეოთხედი ქულით ტარტუელებმა მოიგეს, მეორეში კი იგივე სხვაობით ქართველებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის ფრე დაფიქსირდა – 26:26. საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდში იძალა, რომელიც 25:16 მოიგო და ბოლო შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა.
ბოლო წუთებზე ქართველებმა გააზრებულად ითამაშეს და მოპოვებული უპირატესობა გამარჯვებად აქციეს – 62:55. საქართველოს ნაკრებში კვლავ მიქელაძე გამოირჩა, რომელმაც 15 ქულა და 9 პასი მიითვალა. 14 ქულა და 7 პასი დააგროვა გიორგი ჭეიშვილმა, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა თავი 12 ქულას და 7 მოხსნას მოუყარა.
ევროპის ლიგის მესამე ეტპზე ქართველებს 4 მატჩიდან 3 გამარჯვება აქვთ. ბოლო შეხვედრას ქორქია-მაისურაძის გუნდი ხვალ, თბილისის დროით 11 საათზე, ფინურ „მუკისთან“ გამართავს, რითაც რეგულარულ ჩემპიონატს და მთლიანად სეზონს დაასრულებს. მთლიანობაში, მიმდინარე სეზონში, საქართველოს ნაკრებს ევროპის ლიგაში 7 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. ხვალ გაირკვევა, დადებითი ბალანსით დავასრულებთ ევროპის ლიგას, თუ უარყოფითით.
საქართველო – ვასილეოსტროვსკაია 53:38ტარტუ როკი – საქართველო 55:62