ევროპის 16–წლამდელთა ჩემპიონატი. პორტუგალია. 12 აგვისტო
საქართველო 66:70 ბელგია
ძირითადი დრო: 63:63
საფინალო სირენამდე 1 წამი რჩებოდა, 1 ქულით ჩამორჩენილი საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ოთარ ფხაკაძე კი საჯარიმოს ხაზზე იდგა. ჩააგდებდა ორივეს, ჩვენი კადეტები ბელგიას დაამარცხებდნენ, ააცილებდა ორივეს – გია კაზანჯიანის გუნდი წააგებდა. სინამდვილეში კი არც ერთი მოხდა და არც მეორე – ფხაკაძემ პირველი სროლა ააცილა, მეორე – ჩააგდო და ანგარიში გათანაბრდა: 63:63.
შეხვედრა, რა თქმა უნდა, დამატებით დროში გადაიზარდა, რომლის დასაწყისში ქართველებმა ისეთი უპირატესობა (66:63) მოიპოვეს, რომ ბევრი ნეიტრალური ქომაგი ჩვენიანთა მოგებას იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ჩვენებს წინა მატჩის სენი დაემართათ, ანუ მატჩის ბოლო წუთები უნიათოდ წარმართეს და შეხვედრის უკანასკნელი ორწუთნახევარი 0:7 დაუთმეს მეტოქეს. შედეგად ჩვენმა კადეტთა ნაკრებმა 66:70 წააგო ბელგიასთან და თუკი სანუგეშო ჯგუფიდან გასვლა უნდა, ხვალ მასპინძელ პორტუგალიას უნდა მოუგოს.
არადა, ქართველებმა თითქმის უიმედო შეხვედრა შემოატრიალეს. თავად განსაჯეთ – პირველი მეოთხედი კაზანჯიანის გუნდმა 13:27 წააგო და მცირე შესვენების შემდეგ უნიათო თამაშის შემდეგ სულაც 13:35 ჩამორჩა. 22 ქულიანი ჩამორჩენა ქართველებმა ლამის პირველივე ტაიმში აღმოფხვრეს, როცა ლევან ლოლიშვილისა და ბექა ბურჯანაძის აქტიურობის შედეგად ბელგიელებს მეორე მეოთხედის ბოლო 8–წუთეული 20:2 (!) მოუგეს.
მეორე ტაიმი ბელგიელთა 4–ქულიანი უპირატესობით დაიწყო და მათივე უპირატესობით წარიმართა თითქმის მთელი ძირითადი დრო. ბენილუქსელები ხან 2 ქულით იგებდნენ, ხან 10–ით, თუმცა საბოლოოდ მაინც დამატებითი დრო დაინიშნა, რაც ძირითადად ნიკა რამიშვილის დამსახურებაა. როცა საქართველო ძირითადი დროის დასასრულამდე სამიოდ წუთით ადრე 58:63 აგებდა, რამიშვილმა მიჯრით 4 ქულა მიითვალა და ჩვენი გუნდი მეტოქეს ქულით მიაახლოვა. ბოლო წამებმაც მოატანა და უკანასკნელ წამზე მომხდარი ამბავი თავში უკვე გიამბეთ.
ოთო ფხაკაძეს ორივე რომ ჩაეგდო, საქართველო გაიმარჯვებდა, მაგრამ…
ირლანდია 69:81 პორტუგალია
პორტუგალია 2 2 0 4
საქართველო 2 1 1 3
ბელგია 2 1 1 3
ირლანდია 2 0 2 2