საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

დღეს, გამთენიისას, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე (ბ დივიზიონი) გაემგზავრა. ტურნირს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 6-დან 16 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში იმ 12-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა, რომლითაც თბილისში ახლახან დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზა.
ესენი არიან: ნიკა ყირიმელი, ოთარ პერტაია, ნიკა მეცხვარიშვილი, ბერდია ქავთარაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, ვლადიმერ ალავიძე, გოგა ბითაძე, ლევან თავხელიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ზაურ ჯანელიძე, აკაკი ფიფია, გიორგი მამალაძე.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის მეტოქეები იქნებიან – უნგრეთი, შვეიცარია, ბელგია, ბელგია, ლუქსემბურგი და ბელარუსი. მთლიანად კი ევროჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ჯგუფებში საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა და ბრძოლას საპრიზო ადგილებისთვის განაგრძობს. ჯგუფიდან ვერ გასული გუნდები კი დაკავებული ადგილების მიხედვით ან 9-16, ან 17-24 ადგილებისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო ჯგუფებში გააგრძელებენ.
ტურნირის სამი საუკეთესო გუნდი ელიტარული – „ა“ დივიზიონის საგზურებს მოიპოვებს და მომავალი წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.