საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა საკონტროლო მატჩები დაასრულა. გია კაზანჯიანის გუნდმა მიმდინარე მოსამზადებელი პერიოდის რიგით მე-9 მატჩში პორტუგალია დაძაბულ ბრძოლაში – 78:75 დაამარცხა და ბელგიის საერთაშორისო ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველ მატჩში ბელგიელებთან 61:68 დამარცხების შემდეგ შვეიცარია 91:62 გაანადგურეს, ხოლო ტურნირის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიას სძლიეს. ბელგიამ სამივე მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი შვეიცარიას ერგო, რომელმაც პორტუგალიას 64:61 მოუგო.
ლიეჟის ტურნირის ბოლო მატჩში ქართველები გადაღლილები იყვნენ და პორტუგალიასთან თამაში გაუჭირდათ. ბოლო მეოთხედის წინ პირინეელები 56:53 იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდში ქართველებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. ბოლო პერიოდი კაზანჯიანის გუნდმა 25:19 მოიგო და ლიეჟის ტურნირი მასპინძლების ზურგსუკან, საპატიო მე-2 ადგილზე დაასრულა.
გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ლევან გოგალაძეს. ქართველთა გამთამაშებელმა ყველა კომპონენტში გამოიჩინა თავი. 24 ქულით იგი მატჩის ბომბარდირი გახდა და გარდა ამისა 5 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მიითვალა. ტრადიციულად ორმაგი დუბლით გამოირჩა ვილი ისიანი, რომელის ანგარიშზეც 15 ქულა და 14 მოხსნა იყო. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა დავით ლომიძემ.
საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპის ცხრავე შეხვედრა სტუმრად გამართა და მათგან 6 თავის სასარგებლოდ დაასრულა. ამით ქართველებმა დიდი გამოცდილება მიიღეს კარსმომდგარი ევროპის ჩემპიონატის წინ. პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ბელგიაში დავუკავშირდით 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს, რომელმაც განაცხადა:
„ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოვემზადეთ. როგორც ამას წინათ აღვნიშნე, ნაკრების წევრებმა გასულ მატჩებში თითქმის ყველაფერი გამოსცადეს. 9 ამხანაგური მატჩი ძალიან სასარგებლო იყო და მჯერა, რომ ეს შედეგს გამოღებს. ბოლო 6 დღეში 5 მატჩი გავმართეთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე 5 მატჩი გადამბულად, ყოველ დღე გვაქვს. ბიჭებმა უკვე გამოსცადეს ის გრაფიკი, როგორითაც ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ თამაში“.
საქართველოს ნაკრები თბილისში 4 აგვისტოს დაბრუნდება, ხოლო 7-ში, გამთენიისას, ბოისნიის დედაქაქალაქ სარაევოსკენ აიღებს გეზს, სადაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის პირველობა გაიმართება.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. ლიეჟი, ბელგია. 3 აგვისტო
პორტუგალია 75:78 საქართველო
14-18 20-17 22-18 19-25
საქართველო: გოგალაძე (24ქ, 5პ), გოგობერიშვილი (9ქ, 4მ, 4პ), ლომიძე (16ქ, 5მ, 4ჩ), ალიევი (5ქ, 6მ), ისიანი (15ქ, 14მ); კერესელიძე (4), ცქიფურიშვილი (2), თვალაბეიშვილი, ცირეკიძე (1), გიორგაძე (2)