თურქეთის ქალაქ კონიაში დაწყებული 16-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. შეგახსენებთ, რომ ტურნირში 8 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან თავმოყრილნი. მასპინძლები 2 გუნდით არიან წარმოდგენილნი – 16 წლამდელებთან ერთად კონიის საერთაშორისო ტურნირზე თურქეთის 15-წლამდელთა ნაკრებიც გამოდის. სწორედ ეს უკანასკნელი იყო საქართველოს ნაკრების მეტოქე, რომელიც მილოშ გლიგორიევიჩისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა დამატებით დროში – 100:95 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შედეგიანად დაიწყო და პირველი პერიოდი 22:18 მოიგო. მეორე მეოთხედის ფრედ დასრულების შემდეგ ქართველებმა მესამე ათწუთული 21:14 მოიგეს და 11 ქულით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ბოლო მეოთხედის 29:18 მოგება მოახერხეს და მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 85:85 დასრულდა. დამატებით ხუთწუთეულში ქართველებმა მოახერხეს მობილიზება და საბოლოოდ 100:95 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებით 2 კალათბურთელი გამოირჩეოდა. გიორგი ჭეიშვილმა 31 ქულა მოაგროვა, ლაშა მიქელაძემ კი – 28 ქულა და 14 მოხსნა.
საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას ხვალ, 29 იანვარს გამართავს. ჩვენი გუნდი თბილისის დროით 15:15 საათზე ლატვიას დაუპირისპირდება. ლატვიელებმა დღეს არგენტინასთან 65:77 წააგეს.