საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი, რომელმაც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში პირველი მატჩი ბელგიასთან წააგო, რეაბილიტაცია მოახერხა და მომდევნო მეტოქე შვეიცარია 36 ქულით გაანადგურა.
საქართველო ნაკრებმა პირველ ტურში ბელგიისგან დასანანი მარცხი იწვნია და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ წაგების უფლება აღარ აქვს. ჩერქეზიშვილის გუნდი ჯგუფიდან რომ გავიდეს, ჯგუფში დარჩენილი ოთხივე მატჩი უნდა მოიგოს და ამ მისიის პირველი პუნქტი ქართველებმა დღეს შვეიცარიელების განადგურებით წარმატებით შეასრულეს.
შვეიცარიელთა წაგების ამბავი დიდი შესვენებისთვის გადაწყვეტილი იყო. ქართველებმა საწყისი ათწუთეული 29:5 მოიგეს, მეორე პერიოდში კი მეტოქე 27:10 დაჯაბნეს. შედეგად, პირველი ნახევარი 56:15 ასრულდა, რამაც შვეიცარიელების ამ მატჩში წარმატებაზე ფიქრსაც წერტილი დაუსვა. ფორმალობად ქცეული მეორე ტაიმიც ჩათამაშდა და ქართველების დამაჯერებელი გამარჯვებაც დაფიქსირდა – 83:47.
ჩერქეზიშვილის გუნდში 16 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით გოგა ბითაძე გამოირჩა. 16 ქულა მოაგროვა ზაურ ჯანელიძემ, 11 – აკაკი ფიფიამ, ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებისთვის ბრძოლა ახლა იწყება. როგორც ვთქვით, ჩრქეზიშვილის გუნდმა დარჩენილი სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს, რათა ჯგუფიდან გამსვლელ 2 გუნდში მოხვდეს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ხვალ, 8 აგვისტოს, ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 14:45 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 7 აგვისტოშვეიცარია 47:83 საქართველო
5:29, 10:27, 17:10, 15:17
სრული სტატისტიკა: 47:83