საქართველოს 18 და 20-წლამდელთა გაერთიანებულმა ნაკრებმა ჩინეთში პირველი მატჩი ლიტვასთან გამართა

საქართველოს 18 და 20-წლამდელთა გაერთიანებულმა ნაკრებმა ჩინეთში პირველი მატჩი ლიტვასთან გამართა

საქართველოს 18 და 20-წლამდელთა გაერთიანებული ნაკრები ჩინეთში – წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება. ქალაქები დუშანზი, იანჟიანი და გონგლუ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს სახელწოდებით „ატლასი 2016“.
ჩინეთში თავი ოთხმა ნაკრებმა მოიყარა. საინტერესოა, რომ ტურნირი არაა სამდღიანი, როგორც ეს ძირითადად ხდება ხოლმე ოთხთა ტურნირზე. ლიტვის, ამერიკის, საქართველოს და მასპინძელი ჩინეთის ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდებიან – ანუ ჯამში თითო გუნდი 9 შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები, რომელსაც ნიკო ჩერქეზიშვილი წვრთნის, ჩინეთში შემდეგი შემადგენლობითაა წასული: გიორგი გვიანიძე, გიორგი კორსანტია, ალეკო ფევაძე, გიორგი ცხოვრებოვი და კონსტანტინე ფიფია. 20-წლამდელები: ლუკა გიორგაძე, მაიზერ რევაზაშვილი, ლუკა ზაქრაძე, დავით ლომიძე, იოსებ გოგნაძე, გიორგი გოგობერიშვილი. 
ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდის პირველი მეტოქე ლიტვა გახლდათ. ქართველებმა ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს ბალტიისპირელებს და შეხვედრა საბოლოოდ 9 ქულით – 60:69 დათმეს. პირვეი პერიოდი ფრედ დასრულდა, მეორეში კი ლიტველებმა იძალეს და ის ლიდერობა, რომელიც აღნიშნულ პერიოდში მოიპოვეს (32:21), თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. ლუკა ზაქრაძის წინამძღოლობით, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, საქართველოს ნაკრები მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, მაგრამ წარმატებამდე მისვლა ვერ მოახერხა.
23 აპრილს საქართველოს ნაკრები მასპინძელ ჩინეთის ნაკრებს შეხვდება.
18/20-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი „ატლასი 2016“საქართველო – ლიტვა 60:6912:12, 9:20, 18:16, 21:21საქართველო: ზაქრაძე (21), კორსანტია (10), ფევაძე (2), ლომიძე (6), ფიფია (4), გოგნაძე (5), ცხოვრებოვი (2), გოგობერიშვილი (6), რევაზაშვილი (2), გიორგაძე (2)