საქართველოს 18-წლამდელებმა რუმინეთი გაანადგურეს და ჯგუფიდან გასვლის ზღვარს მიადგნენ

საქართველოს 18-წლამდელებმა რუმინეთი გაანადგურეს და ჯგუფიდან გასვლის ზღვარს მიადგნენ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ობერვარტში, სადაც ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩები მიმდინარეობს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელსაც წინა ტურში აუტსაიდერი სლოვაკეთის დამარცხება გაუჭირდა, დღეს დამაჯერებლად სძლია ერთ-ერთ ფავორიტ რუმინეთს.
რუმინელებმა წინა ტურში თითქმის მოგებული მატჩი, დამატებით დროში 73:75 დათმეს პორტუგალიასთან და საქართველოსთან დღევანდელ მატჩში გამარჯვების რეალური ამბიციით წარსდგა. ქართველების გამართული და გუნდური თამაშის წყალობით რუმინელებმა ისე დათმეს შეხვედრა, წარმატების არანაირი შანსი არ ჰქონიათ.
საქართველომ პირველივე წუთებიდან მოიპოვა ლიდერობა და მთელი თამაშის მანძილზე ისე ეჭირა თამაში, მეტოქე 6 ქულაზე ახლოს არ გაუკარებია. ესეც პირველ მეოთხედში, თორემ მეორედან რომ მიჰყვნენ, ქართველები უპირატესობაs განუხრელად ზრდიდნენ და საბოლოოდ 16 ქულით – 80:66 იმარჯვეს.
ქართველებმა გუნდურად ითამაშეს, რაც ყველა კომპონენტზე აისახა. რაც მთავარია, ქართველები შესანიშნავი სიზუსტით ესვრიან – განსაკუთრებით საჯარიმოებს. ამჯერად კაზანჯიანის ბიჭებმა 10-დან 8 საპენალო ტყორცნა ჩააგდეს, როცა რუმინელებმა 36 (!) ცდიდან მხოლოდ 20 გაარტყეს მიზანში. ქართველებმა 25-დან 8 სამქულიანი ჩააგდეს, სლოვაკებმა კი 14-დან მხოლოდ – 2.
ქულებს რაც შეეხება, 16 ქულით ბომბარდირი გიორგი ცირიკიძე გახდა, ხოლო მის კვალზე კიდევ 3 ქართველი ასცდა 10-ქულიან ზღვარს: 12 ქულა მოაგროვა დავით აფხაზავამ, ხოლო 11-11 ვილი ისიანმა და ლუკა ბულაშვილმა. რუმინელთა ბომბარდირ ნანდორ კუტისაც 16 ქულა დაუგროვდა.
საქართველოს ნაკრებს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს. ასეთივე შეფარდება ექნება დღეს გვიან ღამით პორტუგალიას, რომელიც აუტსაიდერ შოტლანდიას ხვდება და დიდი ალბათობით იოლად იმარჯვებს. სწორედ საქართველოს და პორტუგალია ხვდებიან ბოლო ტურში და ეს ჯახი გადაწყვეტს, თუ ვინ გავა ჯგუფუდან პირველადგილოსან შვედეთთან ერთად. პორტუგალიასთან გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ, 27 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ევროპის U18 ჩემპიონატი. ობერვარტი. ავსტრია. 26 ივლისი
საქართველო 80:66 რუმინეთი
26:17, 23:18, 17:17, 14:14
სრული სტატისტიკა: 80:66