საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების პირველი და დამაჯერებელი გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფში, რომელშიც ბრძოლა IX-XVIII ადგილებისთვის მიმდინარეობს,ავსტრიის ნაკრები 91:67 გაანადგურა.
ავსტრია არაა მაჩანჩალა და საქართველოს ნაკრებს პირველი მეოთხედის შემდეგაც უგებდა და დიდ შესვენებაზეც ლიდერის ამპლუაში გავიდა – 36:33. მწერექულიანი პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მესამე მეოთხედი ქართველებმა 26:20 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 3 ქულით დაწინაურდნენ, რაც დაძაბულ ბოლო ათწუთეულს მოასწავებდა.
ბრძოლა არ შედგა. ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. ქართველებს ყველაფერი გამოსდიოდათ და ამის შედეგი ის იყო, რომ ავსტრიელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს უსტიაშვილის გონივრულად მოთამაშე გუნდს. საქართველომ მეოთხე, გადამწყვეტი პერიოდი 32:11 (!) მოიგო და შეხვედრას, რომელსაც საწყისი 3 პერიოდის გათვალისწინებით საინტერესო ეთქმოდა, ინტრიგა დაუკარგეს. საბოლოოდ უსტიაშვილის გუნდმა 24 ქულის სხვაობით იმარჯვა და შანსი გაუჩნდა, პირველ ჯგუფურ ეტაპზე განცდილი 4 მარცხის შემდეგ ტურნირი ღირსეულად დატოვოს.
ავსტრიასთან მატ ჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან მასხულია გახლდათ. აქამდე სათადარიგო ფორვარდმა ნაკრებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 32 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შედეგიანად ითამაშა ნუგზარ აბულაძემ, რომელმაც 12 ქულასა და 5 პასთან ერთად, მატჩში უმეტესი ზოგადად გამორჩეული 6 ჩაჭრა მოაგროვა. გამოირჩა კიდევ ერთი უკანახაზელი – ლუკა ზაქრაძე, რომელმაც 11 ქულა, 8 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველები საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლოსწინა შეხვედრას 16 ივლისს რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებენ, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რომელ ადგილს დაიკავებენ და შესაბამისად რომელი ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში პარალერულ ადგილზე გასულ ნაკრებს.
ევროპის U20 ჩემპიონატი. სეკეშფეხერვარი. უნგრეთი. 15 ივლისი
ავსტრია 67:91 საქართველო
24:19, 12:14, 20:26, 11:32
სრული სტატისტიკა: 67:91