დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰოლანდიურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მასპინძელ თანატოლთა ნაკრები 23 ქულის სხვაობით – 87:64 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის, B დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება და ჰოლანდიის ქალაქ ზვოლეშიც სპარინგ–მატჩების გასამართად, ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციების სრულყოფის მიზნით გაემგზავრა.
როგორც ხედავთ, ქართველებმა ჰოლანდიელი თანატოლები იოლად დაჯაბნეს, რაშიც ლომის წილი თორნიკე შენგელიას მიუძღვის. 19 წლის შენგელიამ, რომელიც ასევე ეროვნული ნაკრების წევრია, ჰოლანდიელებს 38 ქულა ჩაუგდო. ჰოლანდიელებმა ვერაფერი მოუხერხეს ბელგიური „პეპინსტერის“ ახალგაზრდა ქართველ ფორვარდს, რომელიც მასპინძელთა ფარს ყველა დისტანციიდან ლაშქრავდა.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა. ქართველებმა საწყისი ათწუთეულის 26:19 მოგების მიუხედავად, მეორე მეოთხედში შეცდომები დაუშვეს და მასპინძლებს მიახლოვების საშუალება მისცეს – 41:42 დიდი შესვენებისთვის. მესამე პერიოდი კი გარდამტეხი გამოდგა, საქართველოს ნაკრებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა ჰოლანდიელები და ათწუთეული მთელი 19 ქულის სხვაობით – 32:13 მოიგო. შესაბამისად, უსტიაშვილის გუნდი ბოლო შესვენების წინ 20 ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ ბრწყინვალე გამარჯვებაც იზეიმა.
საქართველოს ნაკრები ხვალ, 2 ივლისს ავსტრიის 20–წლამდელთა ნაკრებს შეხვდება, ხოლო ზეგ ბოლო შეხვედრას ჰოლანდიის 23–წლამდელთა ნაკრებთან გამართავს. ჰოლანდიაში ასეა, 23–წლამდელთა ნაკრებიც არსებობს, ჩვენთან კი მოთამაშე 20 წელს რომ გადააბიჯებს, ასაკობრივი ნაკრებებისგან თავისუფლდება.
ჰოლანდია (U-20) 64:87 საქართველო (U-20)
19:26 22:16 13:32 10:13
საქართველო: ბაქრაძე (8), ლომოური (3), ჩიკვილაძე (15), შენგელია (38), თავართქილაძე, ბექაური, ბოქოლიშვილი (2), თენიეშვილი (6), ლეჟავა, სანაძე (6), რევაზაშვილი (4), დვალიშვილი (8 ქულა, 11 მოხსნა), დეკანოიძე
მატჩის დასრულების შემდეგ ჰოლანდიაში დავით უსტიაშვილს შევეხმიანეთ, რომელმაც ეს კომენტარი გააკეთა:
„პირველი მატჩი იყო და მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით მოვიგეთ, მე მაინც იმ ეპიზოდებს გამოვარჩევდი, რომელშიც ხარვეზები გვქონდა. ბიჭებს ცუდად არ უთამაშიათ, სხვანაირად 23 ქულით ვერც მოვიგებდით, თუმცა მსურს, რომ ის შეცდომები გამოვასწოროთ, როლებიც ამ შეხვედრაში დავუშვით. პირველი მეოთხედი რომ მოვიგეთ, მერე მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება მივეცით, რაც ჩვენს თამაშში არსებული ხარვეზებით იყო განპირობებული. მესამე მეოთხედი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და მინდა, რომ სწორედ ასეთი პროგრესულობით ვითამაშოთ ამის შემდგომი ყველა მატჩი. ბიჭებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და ეს ყველაზე მთავარია. ხვალ ავსტრიის 20–წლამდელთა ნაკრებს ვხვდებით, რომელიც A დივიზიონის წევრია და რეალურად საკმაოდ მძლავრ გუნდად ითვლება“.