საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონია გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონია გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მეორე მატჩში მაკედონია დაამარცხა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა  ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში მონტენეგროსთან 55:78 წააგო, დღეს კი მაკედონიას შეხვდა და 24-ქულით – 85:61 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა მწყობრად და დალაგებულად ითამაშა, რისი წყალობითაც პირველივე მეოთხედში დიდი უპირატესობა მოიპოვა. ქართველებმა საწყისი პერიოდი 30:8 მოიგეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს, როცა მეორე მეოთხედში 23:12 იმარჯვეს და პირველი ნახევრის შემდეგ 33 ქულით დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ყველა კომპონენტში ჰქონდა – ფარქვეშ თუ პერიმეტრზე. ჩერქეზიშვილის გუნდმა მეტოქეზე 10-ით მეტი მოხსნა მიითვალა, შედეგიან გადაცემებში კი სულაც 14 ერთეულით აჯობა მეტოქეს.
საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა იმაზე ერთით მეტი ქულით იმარჯვა, რამდენითაც გუშინწინ მონტენეგროსთან წააგო. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ბურთების შეფარდების დადებითი ბალანსი აქვს, რაც ჯგუფიდან გასასვლელად საჭირო კომპონენტია. დღეს ჩვენს ჯგუფში მონტენეგრო და პორტუგალია დაუპირისპირდებიან. საქართველოს 2 მატჩი დარჩა ჯგუფში ჩასატარებელი – 19 ივლისს სომხეთთან და 20-ში პორტუგალიასთან, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ჩერქეზიშვილი გუნდი ჯგუფიდან გავა.
მაკედონიასთან მოგებულ მატჩში ქართველთაგან ბომბარდირი ლევან მასხულია გახდა, რომელმაც 18 ქულას 4 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. 16 ქულა ჰქონდა დავით ლომიძეს, მარგი ქმედების კოეფიციენტით კი საუკეთესო ვილი ისიანი გახლდათ, რომელმაც 23:41 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. 
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნაკრების წევრმა, ვილი ისიანმა:
“დღეს ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით და თანაბარ შეხვედრას ველოდით, თუმცა მატჩის დასაწყისშივე აგრესიული თამაში დავიწყეთ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და 20-3 გავედით წინ. ამ ფაქტმა ჩვენი მეტოქე გააკვირვა და დააბნია, რაც მშვენივრად გამოვიყენეთ. ეს უპირატესობა ხელიდან არ გაგვიშვია და პირიქით, გავზარდეთ კიდევაც და ლიდერობას მთელი თამაშის განმავლობაში ვინარჩუნებდით. კმაყოფილი ვარ როგოც გუნდის, ასევე საკუთარი თამაშით, მაგრამ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის. ჩემი აზრით, გამარჯვების მთავარი მიზეზი გუნდური თამაშია. დარჩენილ შეხვედრებში წარმატების მისაღწევად არაფერს დავიშურებთ და ვფიქრობ, მივაღწევთ ჩვენს მიზანს, რაც ამ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლაა”.
  
ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ხალკიდა. საბერძნეთი. 17 ივლისი საქართველო 85:61 მაკედონია სრული სტატისტიკა: 85:61

სატურნირო ვითარება ამ მომენტისთვის

გამარჯვების სელფი