საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთიც გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთიც გაანადგურა

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. უნგრეთის ქალაქ სეკეშფეხერვარში მიმდინარე ტურნირის პირველი ჯგუფური ეტაპი ქართველებმა უშედეგოდ ჩაატარეს და ჯგუფში მე-5 ადგილის დაკავების შემდეგ საკვალიფიკაციო ქვეჯგუფში გადაერთვნენ, სადაც ბრძოლა 9-18 ადგილებისთვის მიმდინარეობს.
ქართველებს საჯვალიფიკაციო ეტაპზე გადაჰყვათ პირველ ჯგუფში პორტუგალიასთან და კოსოვოსთან მარცხი და შესაბამისად, ამ გუნდებს არ დაუპირისპირდებიან. უსტიაშვილის გუნდის მეტოქეები ავსტრია და რუმინეთი გახლდნენ, რომლებიც ქართველებმა გუშინ და დღეს, ერთმანეთის მიყოლებით, საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიას 24 ქულით მოუგო, ხოლო დღეს, რუმინეთის ნაკრებიც არ დაინდო და 94:74 დაამარცხა. თუკი ავსტრიელები პოლო პერიოდში გატეხეს, რუმინელების ძლევა ქართველებს არ გასჭირვებიათ. უსტიაშვილის გუნდმა პირველი მეოთხედი 26:16 მოიგო და ხელსაყრელი ჰანდიკაპი შეიქმნა. მეორე ათწუთეული ფრედ – 20:20 დასრულდა.
მართალია, 10-ქულიან უპირატესობას ფლობდა, თუმცა საქართველოს წინ ძალიან მნიშვნელოვანი მე-3 მეოთხედი ელოდა. საკვანძო პერიოდში ქართველებმა იძალეს, მეტოქეს 26:19 სძლიეს და ბოლო მეოთხედის წინ 17-ქულიანი ლიდერობა დაიბევეს. მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს და ქართველებმა საბოლოოდ 94:74 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების წევრებმა გუნდურად ითამაშეს. ექვსმა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა ლუკა ზაქრაძემ მიითვალა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო კახა ტომარაძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მე-3 ადგილი გაინაღდა და თუ დარჩენილი თამაშების დასრულების შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპს ამ ადგილზე დაასრულებს, მე-13 ადგილისთვის მატჩში მეორე ჯგუფში პარალელურ – მე-3 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება. ხვალ ბოლო ტურის მატჩებია, საქართველო კი ისვენებს და მეტოქეს ელოდება.
ევროპის U20 ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. სეკეშფეხერვარი. უნგრეთი. 16 ივლისი
რუმინეთი 74:94 საქართველო
16:26, 20:20, 19:26, 19:22
საქართველო: აბულაძე (10), ბოლქვაძე (7), სანაძე (10), ტომრაძე (12), რევაზაშვილი (13), ზაქრაძე (17), პულუზაშვილი (8), მაჭავარიანი, მასხულია (10), ტურძილაძე (7 ქულა, 10 მოხსნა)
სრული სტატისტიკა: 74:94