საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. დავით უსტიაშვილის გუნდი ტურნირზე პირველი მოგების მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წამებზე არ გაუმართლა და გამარჯვება შვედეთს დარჩა – 66:62.
შვედეთმა ჩვენამდე საკვალიფიკაციო ჯგუფში მასპინძელი ესტონეთი დაამარცხა, ხოლო ბულგარეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 57:61 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც აღნიშნულ გუნდებთან უიმედოდ წააგო, შვედეთს შეუპოვარი ბრძოლა გაუმართა. მთელი თამაშის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ლიდერი განუწყვეტლივ იცვლებოდა, ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა, ხან – მეორე.
პირველი მეოთხედის შემდეგ უსტიაშვილის გუნდი 3 ქულით იგებდა, დიდი შესვენებისთვის კი ანგარიში თანაბარი – 35:35 იყო. ფრე დაფიქსირდა მესამე პერიოდის ბოლოსაც და ცხადი იყო, ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდებოდა. ასეც მოხდა: ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო მეოთხედის დასრულებამდე 3,50 წუთით ადრე ანგარიში კვლავ თანაბარი იყო – 62:62. გადამწყვეტ მომენტში შვედებმა უფრო მეტი სიზუსტე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. 62:64 ჩამორჩენილმა ქართველებმა არაერთი გამთანაბრებელი სროლა ააცილეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ბოლო წუთზე ბურთი შვედებმა მოიპოვეს და მათზე ქართველები დაჯარიმდნენ.
საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე შვედების ფორვარდმა ჯონათან პერსონსმა ორივე საჯარიმო ჩააგდი, სკანდინავიელები 66:62 დააწინაურა და ქართველებს იმედები გადაუწურა. თამაშის უკანასკნელი 7 წამში რევაზ როგავამ ორჯერ ესროლა 3-ქულიანი, მაგრამ…
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო – H ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ახლა დარჩენილი ორივე შეხვდრა უნდა მოიგოს, A დივიზიონში რომ დარჩეს. საქართველო ესტონეთთან, ჩეხეთთან და უკრაინასთან ერთად 17-20 ადგილებს გაინაწილებს. პირველ მატჩში უსტიაშვილის გუნდი უკრაინას შეხვდება, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. მეორე წყვილს კი ჩეხეთი და ესტონეთი შეადგენენ. ამ წყვილებში გამარჯვებული გუნდები მე-17 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს შეხვდებიან და გამარჯვებული ელიტარულ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. დანარჩენი 3 გუნდი კი მომავალ სეზონში B დივიზიონში იასპარეზებს.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 16 ივნისი
საქართველო 62:66 შვედეთი
19:16, 16:19, 17:17, 10:14
სრული სტატისტიკა: 62:66