საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 20-წლამდელთა „ბ“ დივიზიონის წარუმატებლად დაწყების შემდეგ ტურნირი ღირსეულად დაასრულა. დავით უსტიაშვილის გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე 4 მარცხი განიცადა, თუმცა დარჩენილი სამივე შეხვედრა მოიგო და საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა.
ლუქსემბურგთან, პორტუგალიასთან, მონტენეგროსთან და კოსოვოსთან წაგებების შემდეგ ქართველ 20-წლამდელებს თავზე კრიტიკა დაატყდათ. საღიარებელია, რომ 20-წლამდელთა ამ ნაკრებში ის თაობა არაა თავმოყრილი, რომლისგანაც მნიშვნელოვან წარმატებებს უნდა ელოდე. წარუმატებელი პირველი ეტაპის შემდეგ ქართველები საკვალიფიკაციო, 9-18 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ და დარჩენილი ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს.
ქართველებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე კოსოვოსთან და პორტუგალიასთან 2 მარცხი გადაჰყვათ, თუმცა ორივე მეტოქე – ავსტრიაც და რუმინეთიც დიდი სხვაობით დაამარცხეს და პორტუგალიის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ბოლო ტურში, რომელშიც საქართველო ისვენებდა, კოსოვომ ავსტრიასთან წააგო და ბურთების შეფარდების წყალობით საქართველომ კოსოვოს გადაასწრო.
ქართველებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში პარალელურ – მეორე ადგილზე გასულ სომხეთს მე-11 ადგილისთვის მატჩში დღეს დაუპირისპირდნენ. სომხეთმა, რომელმაც 3 რუსი კალათბურთელი ნატურალიზაციის გზით დაიმატა, პირველ ჯგუფურ ეტაპზე პირველივე მატჩი მოიგი და შექმნა ილუზია, რომ ევროპაში რაღაც ძალას წარმოადგენს. მას შემდეგ სომხებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს და საკვალიფიკაციო ეტაპზე აღმოჩნდნენ.
საქართველოსა და სომხეთის დაპირისპირება საინტერესო გამოდგა. პირველი პერიოდი სომხებმა 10 ქულით – 25:15 მოიგეს, რითაც ქართველები არათუ გატეხეს, მათ კონსოლიდაციას შეუწყვეს ხელი. უსტიაშვილის გუნდმა მეორე მეოთხედი 28:14 მოიგო და ლიდერობა უკვე დიდი შესვენებისთვის დაიბევა. მესამე მეოთხედში ქართველებმა ლიდერობა კიდევ უფრო – 8 ქულამდე გაზარდეს და მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს.
საბოლოოდ საქართველომ 88:78 იმარჯვა და ტურნირი მე-11 ადგილზე დაასრულა. ქართველთაგან 19 ქულით ლევან მასხულია გამოირჩა, 17 დააგროვა ლუკა ზაქრაძემ, ხოლო ნუგზარ აბულაძემ შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.
„ბ“ დივიზიონიდან ელიტაში სამმა საუკეთესო გუნდმა – შვედეთმა, ფინეთმა და უნგრეთმა აინაცვლა.
ევროპის U20 ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. სეკეშფეხერვარი. უნგრეთი. 16 ივლისი
მე-11 ადგილისთვის
საქართველო 88:78 სომხეთი
15:25, 28:14, 16:12, 29:27
სრული სტატისტიკა: 88:78